ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბენის მკვიდრმა ქმარს საყვარელთან კოცნის დროს წაასწრო და ორივეს ავტომობილით დაეჯახა. უჩვეულო ისტორიას Daily Mail ავრცელებს.
38 წლის ქრისტი ლი კენედის ეჭვი ჰქონდა, რომ მეუღლე ღალატობდა. როდესაც კაცმა თქვა, რომ ბაღში ბავშვების გამოსაყვანად მიდიოდა, ქალი ქმარს ჩუმად დაედევნა და საყვარელთანაც ამ დროს წაასწრო. როდესაც მან დაინახა, თუ როგორ კოცნიდა კაცი ქუჩაში სხვა ქალს, ცოლი იმდენად გაბრაზდა რომ ავტომობილით პირდაპირ მათკენ წავიდა. მანქანამ საყვარელი წააქცია, მოღალატე ქმარი კი ჰაერში ააგდო. ამის შემდეგ კენედი ავტომობილიდან გადმოვიდა და კონკურენტს თავს დაესხა. ერთი-ორი დარტყმის შემდეგ ქრისტი ისევ მანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია სწრაფად დატოვა.
ამის შემდეგ იყო სასამართლო პროცესი, სადაც ნაფიც მსაჯულებმა დაზარალებული ცოლი უდანაშაულოდ ცნეს ზიანის განზრახ მიყენებაში. არადა, პროკურორი ქალისთვის 3 წლიან პატიმრობას ითხოვდა.
კენედის ადვოკატი ამბობდა, რომ მის კლიენტს წყვილის დაზიანება არც უფიქრია, უბრალოდ სწრაფად სურდა მათთან ახლოს მისვლა, რათა გაეგო თუ რა ხდებოდა.
„ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც მოხდა ეს ყველაფერი – არის ის, რომ მისი ქმარი სხვა ქალს კოცნიდან“ – დააზუსტა იურისტმა.
საბოლოო ჯამში გაბრაზებულ ცოლს ქმრისა და მისი საყვარლისთვის 5 ათასი ავსტრალიური დოლარის გადახდა დაეკისრა და ამასთან 9 თვის განმავლობაში ის ავტომობილის მართვასაც ვეღარ შეძლებს.