ხშირად გვგონია, რომ ავტომობილის მოვლა-შენახვა ძალიან მარტივი საქმეა. თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნებისმიერი ჩვენი ”მარტივი” ქმედება შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს და ავტომობილს უნებლიედ დიდი ზიანი მივაყენოთ.
გინდათ, რომ თქვენი ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში გემსახუროთ? მაშინ ყურადღებით გადახედეთ სტატიას და გაიგეთ, რა დროს ვაყენებთ ყველაზე დიდ ზიანს ჩვენს ავტომობილს…
მოცურება
პირველი, რაც აუცილებლად საყურადღებოა, ე.წ. მოცურება გახლავთ. ქმედება, რომელსაც ხელის მუხრუჭის დახმარებით ვანხორციელებთ, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ავტომობილს. ასეთი მანევრის შესრულება აქტუალობას განსაკუთრებით ზამთრის დროს იძენს. თუმცა…
ზიანი:
პირველ რიგში ეს მანევრი ანადგურებს დისკებსა და საბურავებს. ამასთანავე შესაძლებელია დაზიანდეს სტუპიცის საკისარი (რის ხმასაც უმალვე გაიგებთ), აგრეთვე შეიძლება დაზიანდეს დაკიდების სისტემა და საჭის სამართავი სისტემაც. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი და საყურადღებოა, რამაც შეიძლება ავტომობილი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდოს, ხოლო მისი რემონტი საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ. საყურადღებოა ისიც, რომ დაზიანებების ხარისხს სიჩქარე განაპირობებს.
როგორ გავექცეთ პრობლემას:
რჩევები ბანალურია, თუმცა, მუშაობს. ნუ გადააჭარბებთ თქვენი პოტენციალის შეფასებას. დაუკვირდით მოძრაობის წესებსა და გაითვალისწინეთ მეტეოროლოგიური პირობები.
მოერიდეთ ორმოებს
მეორე, რასაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, დაზიანებული გზის მონაკვეთია.
ზიანი:
დაზიანებული გზის მონაკვეთის გავლისას ავტომობილს ”სასიკვდილო” ზიანი არ ადგება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრობლემები დროთა განმავლობაში იჩენს თავს. არასახარბიელო სიტუაციებში, ყველაზე მეტად ავტომობილის დაკიდების სისტემა ზიანდება, რომელსაც სინამდვილეში ძალიან უჭირს მძიმე დარტყმებთან გამკლავება, რაც შემდგომში მის მთლიანად მოშლას და ავტომობილის გაუხეშებას იწვევს. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ორმოში ჩარტყმის დროს, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება ვეღარ დავიმორჩილოთ და ყველაფერი ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს.
როგორ გავექცეთ პრობლებას:
ამ შემთხვევაში რაიმე კონკრეტული რჩევის მოცემა ძალიან რთულია. ამიტომ, ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას ამ თემასთან დაკავშირებით არის ის, რომ ავტომობილის მართვის დროს, ვიყოთ მობილიზებულები და გავითვალისწინოთ საგზაო მოძრაობის ყველა დეტალი.
მოერიდეთ წყალს
თუ თქვენ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომელსაც უყვარს ავტომობილის წვიმიან ღამეში მართვა ღია ფანჯრებითა და ლუქით, უმჯობესი იქნება, თუ ამას აღარ გაიმეორებთ… რატომ? იმიტომ, რომ თანამედროვე ავტომობილები ძირითადად ელექტროობით იმართება. ხოლო, რა ემართება ელექტროობას წყალთან კონტაქტისას, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ.
ზიანი:
ასეთ სიტუაციებში მწყობრიდან გამოდის ელექტრონული მოწყობილობები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ასეთ სიტუაციაში მოახერხებთ ელექტროობისა და წყლის უშუალო კონტაქტის თავიდან აცილებას, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ ადრე თუ გვიან, ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება არ აგცდებათ. რასაც სველი სავარძლები, ხალიჩები ან სხვა ნაჭრის დეტალები გამოიწვევს.
როგორ გავექცეთ პრობლემას:
ყოველთვის შეამოწმეთ არის თუ არა დახურული ფანჯრები და ლუქი. მაშინაც კი, როცა კარგი ამინიდია, არ არის გამორიცხული სიტუაცია უცებ შეიცვალოს. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ არის თუ არა დაკეტილი ავტომობილი, ჯობს შეამოწმოთ და ზედმეტად დახარჯოთ 5 წუთი, ვიდრე თქვენს ელექტროობას სერიოზული ზიანი მიადგეს.
მოერიდეთ საბუქსირე ზონებს
სოციალურ ქსელებში ხშირად შევხვდებით ვიდეოებს, საავარიო სიტუაციების ამსახველი მასალაა აღბეჭდილი. ასეთი კადრების ნახვა, მუდამ საინტერესოა, რასაც ვერ ვიტყვით უშუალოდ საავარიო სიტუაციებში მონაწილე პირებზე…
ზიანი:
ვნახოთ შემდეგი ვიდეო:
როგორ გავექცეთ პრობლემას:
თუ კი ამჩნევთ, რომ ავტომობილი გაიჭედა და თქვენს ნებისმიერ ქმედებას შედეგი არ მოაქვს, გამოიძახეთ პროფესიონალები ევაკუატორით. გაითვალისწინეთ, რომ სიტუაციის არსი გამოძახების დროს აუხსნათ, რათა მათ თქვენი ეფექტური დახმარების საშუალება უკეთ მიეცეთ…
არასწორი ჰაერის დონე საბურავებში
არასწორად დაბერილი საბურავებით სიარული პირველ რიგში საწვავის მოხმარებას ზრდის. საწვავის გარდა ჰაერის არასწორი დონე საბურავებში სავალი ნაწილების ადვილად ცვეთასა და დაზიანებას იწვევს.
ზიანი:
თუ კი საბურავები არასწორად არის დაბერილი, დიდი შანსია იმისა, რომ რამდენიმე ათასი კილომეტრის გავლის შემდგომ, საბურავები შესაცვლელი გაგიხდეთ, რაც კარგად მოხესენებათ იაფი სიამოვნება ნამდვილად არ გახლავთ. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ზიანი ადგება საწვავის მიწოდებისა და მოხმარების სისტემასაც. ასეთ სიტუაციაში საწვავის ტუმბო დატვირთვით იწყებს მუშაობას, რაც შემდგომში მის სერიოზულ დაზიანებას იწვევს.
როგორ გავექცეთ პრობლემას:
თუ თქვენი ავტომობილი არ არის აღჭურვილი საბურავებში ჰაერის დონის კონტროლის სისტემით, აკონტროლეთ ის მექანიკურად. გაითვალისწინეთ ავტომწარმოებლის რეკომენდაცია, რომელიც მძღოლის მხარეს, კარების ჩარჩოზე ეტიკეტის სახით არის მოთავსებული. კარგი იქნება, თუ კონტროლის სახით თვეში ერთხელ მაინც შეამოწმებთ საბურავებში არსებულ ჰაერის წნევის დონეს.
მიაქციეთ ყურადღება სამართავ პანელზე განლაგებულ მაჩვენებლებს
ავტომობილის სამართავ პანელზე უამრავი მაჩვენებელია გამოსახული, რომელსაც ავტომობილის კომპიუტერული სისტემა აკონტროლებს, ხოლო პრობლემის შემთხვევაში სიგნალს, სწორედ სამართავ პანელზე განლაგებული მაჩვენებლებით აწვდის მძღოლს. მათგან თითოეულს ავტომობილის გამართული მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მათი იგნორირება, კარგს არაფერს მოგიტანთ
ზიანი:
სამართავ პანელზე მოთავსებული მაჩვენებლების იგნორირების შემთხვევაში, შეიძლება საქმე იმაზე ცუდად დამთავრდეს, ვიდრე წარმოიდგენთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ეცადეთ არ გამოგრჩეთ კომპიუტერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, ნურც ავტომობილის დიაგნოტსიკაზე მიყვანაზე ნუ იტყვით უარს
როგორ გავექცეთ პრობლემას:
თუ კი თქვენთვის უცნობი მაჩვენებელი ანტებს, აუცილებლად გადახედეთ ინსტრუქციათა წიგნს და გაიგეთ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს მას კომპიუტერი. თუმცა, თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებლად ეწვიეთ დიაგნოსტიკის ცენტრს, რათა მაქსიმალურად გააკონტროლოთ შექმნილი სიტუაცია.