LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეზღუდვების დაწესებას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?

47

ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ აქტუალობას არ კარგავს თბილისის საავტომობილო პრობლემები. ყოველდღიურად ვხვდებით სტატიებს, ინტერვიუებსა თუ სიუჟეტებს ამ თემასთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი სიუჟეტი ვნახეთ გუშინ, პირველი არხის დილის გადაცემაში, სადაც საუბარი იყო იმ შეზღუდვებზე, რომელსაც მოსახლეობა უახლოეს მომავალში უნდა ელოდოს.

„თუ აქამდე ითვლებოდა, რომ პიკი საათის დროს ქალაქში იყო საცობები, დღეს უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოძრაობა შეფერხებულია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ექსპერტები, რამდენიმე მტკივნეული ნაბიჯის გადადგმას გვირჩევენ“ – ამბობს დილის წამყვანი სოსო კაციტაძე.

„ავტომობილებზე ევრო ოთხის სტანდარტების დაწესება, მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტის შეჩერება, მაღალგამავლობიან ავტომობილებზე ან მათ პარკინგზე გადასახადის დაწესება და პერიოდულად მათი ტექნიკური დათვალიერება.“ – ეს ის საკითხებია რაც დედაქალაქს მოძრაობის განტვირთვაში დაეხმარება.

ამჟამად ქვეყანაში მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული და მათი რიცხვი ყოველთვიურად იზრდება. მათი 40% კი თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილის ინფორმაციით ავტომობილების რაოდენობა ბოლო შვიდ წელიწადში ნახევარი მილიონით გაიზარდა.

„იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სატრანსპორტო კოლაფსი, საჭიროა სააკაძის მოედნის რეკონსტრუქცია ისე, რომ ორდონიანი მოძრაობა მოეწყოს და ნაკადები არ კვეთდნენ ერთმანეთს. ამავე დროს პარკინგია მოსაწესრიგებელი, ასევე გმირთა მოედნის რეკონსტრუქციაა საჭირო და რაც შეიძლება დროულად უნდა დამთავრდეს შემოვლითი რკინიგზის გადატანა და მის ადგილზე ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობა, რაც მნიშვნელობნად ამოასუნთქებს ჩვენს ქალაქს.“ – აცხადებს დავით მესხიშვილი ჟურნალისტთან ინტერვიუში.

თუმცა, ექსპერტები ტექდათვალიერების შემოღებას, მაღალი გამავლობის და მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე გადასახადის დაწესებას არ გამორიცხავენ.

როგორც ინტერვიუში “პატრნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა აცხადებს, მსოფლიოს მასშტაბით არსებობს კანონები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ თავად უნდა აარჩიოს მოძრაობის მხარე და რაც შეეხება მეორე მხარეს მოძრაობას, გარკვეულწილად უნდა შეიზღუდოს ან დაწესდეს გადასახადი. მას ვისაც სურს, რომ ყავდეს მოძრაობის საწინააღმდეგოსაჭიანი ავტომობილი, მეტი გადასახადი უნდა დაეკისროს. მსგავსი შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში კი აუცილებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია.

განხორციელდება თუ არა ცვლილებები ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები