LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ფრენის ფასები ცნობილია – ბილეთები ონლაინ იყიდება

982

ნატახტარი–ამბროლაურისა და ამბროლაური ნატახტარის მიმართულებით, ფრენების ფასი უკვე განისაზღვრა. ზრდასრულებს ერთი მიმართულებით ფრენა 50 ლარად, 12 წლამდე ბავშვებს კი – 35 ლარად შეეძლებათ.  აღსანიშნავია, რომ ჩვილი ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.

ნატახტარი – ამბროლაურისა და ამბროლაური – ნატახტარის მიმართულებით, რეისები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას სრულდება. ფრენებს “სერვის ეარი” ახორციელებს.

ამბროლაურის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ში: http://www.vanillasky.ge.

როგორც “ფორტუნას” ამბროლაურის აეროპორტში განუცხადეს, ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით, 30 წუთია.

ამბროლაურში აეროპორტი 15 იანვარს გაიხსნა. აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის – 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში – ტერმინალის გაფართოებაც.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესწავლის სტადიაშია ასაფრენი ზოლის დაგრძელების პერსპექტივა, რათა აეროპორტმა 50-ადგილიანი საჰაერო ხომალდების მიღება შეძლოს.

ამბროლაურში აეროპორტის მშენებლობის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რაზეც მუშაობა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები