LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაქიტი

138
რაქიტი

რაქიტი D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა. რაქიტი ყველაზე ხშირად 2-3 თვიდან 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებს ემართებათ. D3 ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება, ხოლო D2 მცენარეთა ერგოსტეროლისგან წარმოიშობა.

D3 ვიტამინი შედის საკვებში, უმთავრესად – თევზის ქონსა და კვერცხის ცილაში. რძე და რძის ნაწარმი, ჩვეულებრივ, ვიტამინის ორივე ფორმას შეიცავს. რაქიტი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაში მიმდინარე დარღვევების მიზეზია. მისი მთავარი სამიზნეებია ნაწლავები, ძვლები, თირკმელები და პარათირეოიდული ჯირკვალი.  D ვიტამინის დეფიციტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის ქსოვილის განვითარებასა და ნორმალურ ფუნქციაზე. ამ დროს ირღვევა კალციუმის ნაწლავებში შეწოვა და ძვლებში ჩალაგება, რაც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის დარბილებას, ნერვული სისტემისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციის დარღვევას.

D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ კლინიკურ სინდრომს ბავშვებში რაქიტი ეწოდება, ხოლო მოზრდილებში – ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება). რაქიტის მიზეზებია:

 ორსულისა და ჩვილის არასწორი და არასაკმარისი კვება, რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა; ჩვილ ასაკში მზის სხივების დეფიციტი, რადგან მზის სხივები ხელს უწყობს ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნას; კუჭ-ნაწლავის აშლილობით მიმდინარე დაავადებები, რომელთა დროსაც ნაწლავიდან კალციუმის შეწოვა ირღვევა.

საწყის სტადიაში რაქიტი აზიანებს ნერვულ სისტემას. ბავშვს პირველი ნიშნები შეიძლება 4-5 კვირის ასაკშიც კი გამოაჩნდეს, თუმცა დაავადების მანიფესტირება უმეტესად 2-3 თვის ასაკში ხდება. ამ დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ: ძილის დარღვევა, ჭირვეულობა და ხშირი ტირილი, ცუდი მადა; ყიფლიბანდის დიდი ზომა; ოფლიანობის მომატება.

რაქიტის დიაგნოზს, როგორც წესი, პედიატრი ბავშვის გასინჯვის დროს სვამს, მაგრამ ზოგჯერ დამატებითი გამოკვლევაა საჭირო. ხანდახან ტარდება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი. თუ დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მკურნალობას არ ემორჩილება, ინიშნება ძვლების რენტგენოგრაფიული კვლევა.

რაქიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ბავშვის ძუძუთი კვებას, ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე სეირნობას, რეგულარულ ვარჯიშს, მასაჟს, ცურვას, დამატებით კვებაზე დროულად გადაყვანას. 6 თვიდან სასარგებლოა წიწვის აბაზანები. პროფილაქტიკის მიზნით D და სხვა ვიტამინების მიცემა მხოლოდ პედიატრის კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს, განსაკუთრებით – ხელოვნური კვების შემთხვევაში, რადგან ბავშვის საკვების უმრავლესობა D ვიტამინს შეიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები