LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გახდნენ თანამედროვე ავტომობილები ძველზე სახიფათო?

31

მიიჩნევთ, რომ ყოვეწლიურად ავტომობილები უფრო უსაფრთხო ხდებიან? ცდებით. ხუთვარსკვლავიანი რეიტინგებით, რომლებსაც Euro NCAP, IIHS და სხვა ორგანიზაციები აქვეყნებენ, ცდილობენ დამალონ თანამედროვე გაჯეტებისა და ტექნოლოგიური დეტალების მინუსები. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ამ მინუსების გამოსწორების მაგიერ, ავტომწარმოებლები კიდევ უფრო აფუჭებენ საქმეს, ჩვენ კი მათში ფულს ვიხდით…

არ გჯერათ? აი რამდენიმე ფაქტიც: ავარიები კვლავაც ხდება და საავარიო სიტუაციებში დაღუპული ადამიანების რიცხვი კვლავაც მაღალ ნიშნულზეა, მსგავსად ძველი დროისა, როდესაც ავტომობილებს მხოლოდ ერთი, ცენტრალური კომპიუტერი ჰქონდათ. ევროპაშიც კი, სადაც საუკეთესო საავტომობილო ინფრასტრუქტურაა და სატრანსპორტო მოძრაობის ცნობადობა ბევრად მაღალია, ოფიციალური მონაცემებით, ადამიანების გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც ადრე და არ იცვლება. პირიქით, 2015 წლიდან გაიზარდა კიდეც…

რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ავტომობილები, მიუხედავად მათი უსაფრთოებისა, იმდენად გაუგებარნი გახდნენ, რომ მფლობელებს უჭირთ გაერკვიონ მის სისტემებსა და ტექნიკურ დეტალებში. აი მაგალითად: დაიძრა Lexus-ი გამორთული ფარებით, იმის გამო, რომ ავტომობილს გააჩნია განათების ავტომატურად ჩართვის სისტემა, თუმცა სალონის განათება იმდენად კაშკაშაა, რომ მძღოლი სიბნელეში ვერ ხვდება, ანთია თუ არა ახლო განათების ფარები…

ასევე გართულდა ავტომობილის სამართავ სისტემებში გარკვევაც. თითქმის ყველა პოპულარული ავტომწარმოებელი, იქნება ეს Mercedes-Benz, BMW თუ Range Rover, გვთავაზობს ისეთ სისტემებში საკუთარი ძალებით გარკვევას, როგორიცაა ძრავის აჩქარება, დაკიდების სისტემის მართვა, საჭის სამართავი მექანიზმის  სირბილე ან სიუხეშე… მაგრამ ავიწყდებათ ის, რომ ყველას არ აქვს მსგავს დეტალებში გარკვევის არც დრო, არც შესაბამისი ცოდნა და შესაძლებელია არც ხალისი, ამას კი მივყავართ იქამდე, რომ ავტომობილი ფაქტიურად დამოუკიდებლად გადაადგილდება, ადამიანის ყოველგვარი ჩარევის გარეშე, რაც შემდგომში ავტომობილის გაუმართაობისა და საავარიო შემთხვევების მიზეზიც ხდება.

ამასთანავე ავტომობილის მულტიმედიური, გასართობი თუ მართლაც საჭირო სამართავი პანელი, იმდენად აბნევს მძღოლს, რომ ის კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, შესაბამისად კარგავს კონტროლს ავტომობილზე და უყურადღებობით, ხშირად იმდენად უნებლიე და სახიფათო შეცდომას უშვებს, რომ საავარიო სიტუაციას ქმნის.

ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ავტომფლობელების უმეტესობა, თავისი ავტომობილის თანამედროვე სისტემებიდან მხოლოდ 20% იყენებს. ზოგმა მათგანმა ისიც კი თქვა, რომ ავტომობილის შერჩევისას, ცდილობს ნაკლებად იყოს შენაძენი თანამედროვე სისტემებით დატვირთული, რადგან მისი მართვა უფრო რეალური და ამასთანავე უსაფრთხო იყოს.

კიდევ ერთი მიზეზი თანამედროვე ავტომობილების სალონი გახლავთ, რომელიც რაც უფრო მდიდრულად გამოიყურება, მით უფრო ემსგავსება თვითმფრინავის პილოტის კაბინას, თუმცა განსხვავებაა იმაში, რომ პილოტებს წლების განმავლობაში ამზადებენ ელექტრონული უსაფრთხოების პროგრამებში, ხოლო მძღოლები, რომლებსაც პილოტის გამოცდილება არ აქვთ, ადვილად იბნევიან, ვარდებიან პანიკაში და იმაზე მეტ შეცდომას უშვებენ, ვიდრე ამას თავადვე წარმოიდგენდნენ.

რა თქმა უნდა გასაკვირი არაა ის, რომ XXI საუკუნის ავტომობილებში მოთავსებულია მულტიმედური გაჯეტები და მოწყობილობები, თუმცა მათ უსაფრთხოებაზე დამოუკიდებელი ექსპერტები და კრიტიკოსები, არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაციებს აქვეყნებენ, მაგრამ, როგორც წესი, მათი ინფორმაციები ფართო მასებზე არ გადის და მხოლოდ ვიწრო წრეში ვრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ საავტომობილო ბაზარზე პრაქტიკულად დამოუკიდებელი სატრანსპორტო საშუალებები შექმნა. გარკვეულწილად, ეს კარგია… მწარმოებლები ყოველდღიურად გვეუბნებიან იმას, რომ ისინი მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტისთვისა და უსაფრთხოებისთვის შეიქმნა, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მთელი მსოფლიო მუშაობს, მანამ კი, სანამ პასუხს მოიძიებენ, გაითვალისწინეთ: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი, ისე, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ, დანარჩენი კი, ავტომწარმოებლებს მიანდეთ…