სხეულზე კანის ზედა, რქოვანა ფენა განუწყვეტლივ ახლდება, რისთვისაც ზედაპირიდან იცილებს ძველ ელემენტებს. თუ კანი ჯანსაღია, მის ზედაპირს ქერქოვანი ფირფიტები შეუმჩნევლად სცილდება დაბანისას ან ტანსაცმლის ხახუნისას. პათოლოგიურ აქერცვლაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ქერცლი თვალნათლივ ჩანს კანის ზედაპირზე. ქერცლის პათოლოგიური წარმოქმნა უმეტესად პარაკერატოზის – ქერქოვანი შრის წარმოქმნის დარღვევის – შედეგია. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება დეფექტური უჯრედები, რომლებიც სწრაფად იქერცლება. აქერცვლის მეორე გავრცელებული მექანიზმია ჰიპერკერატოზი – ქერქოვანი შრის უჯრედების გაძლიერებული წარმოქმნა, მაგრამ თუ პარაკერატოზის დროს დეფექტური უჯრედები ადვილად სცილდება კანს, ჰიპერკერატოზის შემთხვევაში ისინი მჭიდროდაა მიმაგრებული მის ზედაპირზე.
კანის აქერცვლას ასევე იწვევს: კანის პარაზიტული დაზიანება, კანის სოკოვანი დაავადება; ინფექცია, ვენერული დაავადებები, ინფექციურ-ალერგიული ბუნების დაავადებები, აგრესიული გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება, კანის ალერგიული დაავადებები, თანდაყოლილი დერმატოზი, კანის სპეციფიკური დაავადებები, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, ცილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობა.
მივმართოთ ექიმს, რათა გაირკვეს პრობლემის მიზეზი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობა. დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია დაზიანების ლოკალიზაცია. მაგალითად, კანის აქერცვლა ხელის თითებს შორის უმეტესად მუნზე მეტყველებს, ხოლო ფეხის თითებს შორის – სოკოვან დაავადებაზე. მკურნალობის დროს უნდა გავითვალისწინოთ ოჯახური ანამნეზიც. ყოველივე ამასთან ერთად, დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ზოგად მდგომარეობას, თანმხლებ სიმპტომებს. საბოლოო დიაგნოზს, წესისამებრ, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე სვამენ.