ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების 80% უარს არ იტყოდა პირველ ცოლთან დაბრუნებაზე. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ შეუყვარდათ ან იქორწინეს შემდეგ, პირველი მაინც წმინდათა წმინდაა და თუ ქალთა ჰარემიდან დაბრუნებაზე მიდგა საქმე მამაკაცთა უმრავლესობა მაინც პირველს და ერთადერთს უბრუნდება.
ამგვარ უცნაურობას მამაკაცები საკუთარ ახსნას უძებნიან…
”ახალგაზრდობავ, ჩემო!..”
პირველი ცოლი ყველაზე ემოციური და ხშირად ერთადერთი სიყვარულია, რადგან მაშინ მოდის, როცა ახალგაზრდა კაცს ჰორმონები ურტყამს თავში. ის ამაღლებულ განწყობაზეა და ყველაფერი გამოსდის, წერს ლექსებს, უყურებს რომანტიკულ ფილმებს და დარწმუნებულია, რომ სამყაროსაც დაიპყრობს, თუ მის გვერდით საყვარელი ადამინი იქნება.
სიყვარულს ქორწინება მოსდევს, ერთობლივი ცხოვრება და ბოლოს განქორწინება. ჯერ წყენა ჩნდება, რადგან ერთ დროს საყვარელი ადამიანი, სინამდვილეში სისხლისმსმელი მონსტრი აღმოჩნდა. თუ ქალი ღალატობს, მამაკაცს ბრაზი ახრჩობს და შურისძიების სურვილი უჩნდება, იმ შემთხვევაში კი, თუ თვითონ მიდის, სინდისის ქენჯნა აწუხებს.
თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მამაკაცი ყველაფერ ცუდს ივიწყებს, ყველაზე კოშმარული სკანდალებსაც ღიმილით იხსენებს და ხვდება, რომ ”პირველი ცოლის ეპოქა” საუკეთესო პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, რადგან ის ახალგაზრდა იყო და გრძნობებიც გულწრფელი ჰქონდა, ყველაფერი მარტივად გამოსდიოდა და ცხოვრებას მსუბუქად უყურებდა. ახლა კი, როცა ის ასაკოვანი, გამოცდილებით დამძიმებული მამაკაცია, ახალგაზრდობის შემობრუნების ერთადერთი საშუალება მხოლოდ პირველ ცოლთან დაბრუნებაა. თუმცა, მოლოდინი იშვიათად მართლდება, რადგან ერთისთვის ”წარსული და ყოფილი”, მეორესთვის ”აწმყო და ჯერ კიდევ მოქმედია”.
ზუსტად ისე, როგორც პირველად…
არიან მამაკაცები, რომლებიც საკმაოდ გვიან, მრავალფეროვანი თავგადასავლების და რომანების შემდეგ, თანაცხოვრების გამოცდილებით და გარკვეული ცოდნით ქორწინდებიან და ზუსტად იციან, რას უნდა ელოდონ ქორწინებისგან. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც მეუღლესთან ერთად იზრდება, სწავლობს სიყვარულს და სიძულვილს, მორჩილებას და დაუმორჩილებლობას, ხასიათის ხშირ ცვალებადობას და გაუთავებელ კაპრიზებს. ბევრი ადრეულ ასაკში ხდება მამა და ბავშვის გაზრდის რთულ, მაგრამ სასიამოვნო პროცესშიც პირველად ერთვება. ერთი სიტყვით, მამაკაცის ცხოვრებაში ძალიან ბევრი შთამბეჭდავი მოვლენა და ერთმანეთის გამომრიცხავი ემოცია გროვდება, რომლებიც მისთვის უძვირფასესია, რადგან ყველაფერი პირველად იყო. შეუძლებელია პირველი სიყვარულის, მასთან ასოცირებული პირველი ქალის დავიწყება და სწორედ ამიტომ ცდილობს მამაკაცი წარსულის დაბრუნებას და საკუთარი მოგონებების აღდგენას.
პირველი ცოლის ზუსტი ასლი…
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცის ყოველი შემდეგი რჩეული, პირველის მსგავსი, ხშირად მისი ზუსტი ასლი იქნება. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან თუ მამაკაცის ცნობიერებაში პირველი ქალის სახე ჩაიბეჭდა, მისი იქდან ამოშლა წარუმატებელი ქორწინებითაც შეუძლებელია. თუმცა, მამაკაცები ყოველთვის დარწმუნებულები არიან, რომ ახალი მეუღლე, აბსოლუტურად განსხვავდება პირველი ცოლისგან და სწორედ ამაშია მისი მომხიბვლელობა.
კიდევ ერთი უცნაური დაკვირვება, რომელიც მეცნიერებმა დაადგინეს – იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველი ქორწინება სრული კოშმარი იყო და კრახით დასრულდა, მამაკაცები მაინც ცდილობენ მის აღდგენას ან ახალ ურთიერთობაში გამეორებას, რადგან ასაკთან ერთად ხვდებიან, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ქალები ერთმანეთს ცვლიან, მათთან ერთად იცვლება ერთი სასოწარკვეთილება მეორეთი და მამაკაციც ისევ იმ პირველზე იწყებს ფიქრს, რომელსაც ყველაფერი სწორად ესმოდა და სწორად აკეთებდა.
შეცდომის უფლების გარეშე…
პირველი ცოლი ყოველთვის ათვლის წერტილი და ერთგვარი საზომია. მამაკაცი კი, რომელიც მისგან წავიდა, ყველას და პირველ რიგში საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ პრობლემა ცოლში იყო და არა თავად მასში, ახალ რჩეულთან კი ყველაფერი გამოვა. ზოგჯერ ამგვარი მოსაზრება ამართლებს, თუმცა, ნებისმიერი კამათის დროს, მამაკაცი ისევ პირველ ცოლს იხსენებს და ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას.
იმ შემთხვევაში კი, თუ არც მეორე, მესამე და მეოთხე ცდამ გაამართლა, მამაკაცის ცნობიერებაში ისევ პირველი ცოლის სახე ჩნდება, რომელიც ძველებურად ახალგაზრდულად გამოიყურება და მოღალატეს ნიშნისმოგებით უღიმის.