გერმანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა რათა დაედგინათ თუ რატომ ვერ ამბობენ ადამიანები უარს დესერტზე მაშინაც კი როცა საკმაოდ მსუყე სადილი ან ვახშამი მიირთვეს. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის მიზეზი ჩვენს ტვინში არსებული უძველესი მექანიზმია, წერს New scientist.
მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი თაგვებზე და აღმოაჩინეს, რომ ტკბილეულს კარგად მაძღარი მრღრღნელებიც დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ. ამ დროს მათ ტვინში ნეირონების გარკვეული ჯგუფი, ე.წ. POMC აქტიურდება. ეს ნეირონები არამხოლოდ სიმაძღრის შესახებ გადასცემენ სიგნალს, არამედ გამოყოფენ ენდორფინს – ნივთიერებას რომელიც კმაყოფილების გრძნობას იწვევს. სწორედ ამიტომ არის ტკბილეული ასეთი მიმზიდველი, მაშინაც კი როცა კუჭი სავსეა.
ეს მექანიზმი ადამიანთა შემთხვევაშიც ანალოგიურად მოქმედებს. მოხალისეებს მისცეს ტკბილი სასმელი, შემდეგ ტვინის აქტიურობა დაასკანერეს და აღმოჩნდა, რომ მათ იგივე უბნები გაუაქტიურდათ, რომელიც თაგვებს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტკბილზე ასეთი რეაქცია ევოლუციური მექანიზმია. ბუნებაში შაქარი სწრაფი ენერგიის ძვირფასი წყაროა. სწორედ ამიტომ, ტვინი დაპროგრამებულია, რომ ის ნებისმიერი შესაძლებლობით მოიპოვოს.
მკვლევართა აზრით, ეს აღმოჩენა სიმსუქნესთან ბრძოლას მნიშვნელოვნად დაეხმარება. სპეციალისტებს სურთ შექმნან პრეპარატები, რომლებიც ამ მექანიზმს დაბლოკავენ და ადამიანებს წონის კონტროლში დაეხმარებიან.