LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები, რომლებიც თოვლიან და ყინულიან გზებზე უსაფრთხო გადაადგილებაში დაგვეხმარება

595

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, მთისკენ მიმავალი დამსვენებლებისა და ავტომობილების რიცხვი იზრდება. წლევანდელი ზამთარი უხვი ნალექით დაიწყო. თოვლისა და სრიალის მოყვარულები დასასვენებლად მაღალმთიანი რეგიონებისკენ მიიჩქარიან, ექსტრემის მოყვარულები კი ავტომობილებს Off Road-ისთვის ამზადებენ.

ზამთრის პირობებში მოძრაობას თავის წესები და ნიუანსები აქვს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც მაღალმთიანი რეგიონისკენ აქვს გეზი აღებული. რა უნდა ვიცოდეთ თოვლიანი გზების შესახებ და რით უნდა ვიხელმძღვანელოთ ექსტრემალურ სიტუაციებში? ამის შესახებ საქართველოს ოფროუდის ფედერაციის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, გიორგი ჩოქური მოგვიყვება:

 

რა უნდა ვიცოდეთ მთის მოყინული და თოვლიანი გზის შესახებ?

ზოგადად მაღალმთიან რეგიონებში მთელი ზამთრის განმავლობაში თოვლი არ დნება, აქედან გამომდინარე გზა ყოველთვის იქნება თოვლიანი ან მოყინული. შესაბამისად უნდა ვიყოთ ყველანაირად მომზადებულები ექსტრემალურ სიტუაციებში მოსახვედრად. ხშირია, როდესაც დღის განმავლობაში თოვლის გარკვეული რაოდენობა დნება და გზის საფარი სველდება, მოსაღამოებასთან ერთად, როდესაც ტემპერატურა ისევ ეცემა და 0-ს ქვემოთ ჩამოდის ეს დამდნარი თოვლი იყინება გზაზე და შედეგად ვიღებთ ე.წ. ლიპყინულს, რომელზეც მოხვედრის შემთხვევაში ავტომობილი ფაქტიურად უმართავი ხდება. ხშირად ასეთ მოყინულზე ზემოდან თოვლიც დაედება და ამ შემთხვევაში მოულოდნელობის ეფექტი მეტია.

ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღებით და სიფრთხილით ვმართოთ ავტომობილი და არ გავუთამამდეთ გზას.

 

როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრის თოვლიანი გზებისთვის?

პირველ რიგში აუცილებელია ავტომობილს ეყენოს სპეციალური ზამთრის საბურავები. არსებობს თოვლის საბურავები, რომელიც შექმნილია სპეციალურად თოვლიან ზედაპირზე გადასაადგილებლად. მისი პროტექტორები და ქიმიური შემადგენლობა ისე  არის დაბალანსებული, რომ თოვლზე და ყინულზე მაქსიმალური მოჭიდება ქონდეს და მოცურების მინიმალური შანსი იყოს. აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ავტომობილში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში  გადავაცმევთ მინიმუმ 2 საბურავს (ან წინებს ან უკანებს. ეს საკმაოდ საკამათო საკითხია).  თუმცა, არც მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ქონა გვაძლევს გზაზე ავტომობილის მართვისას მოდუნების უფლებას.

გარდა შესაბამისი საბურავებისა აუცილებელია ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემაში იყოს საჭირო კონსისტენციის ანტიფრიზი, რომელიც საქართველოს პირობებში არ უნდა იყინებოდეს ყველაზე მცირე -15-20 გრადუს ტემპერატურაზე.

ასევე აუცილებელია ავტომობილში იყოს კარგი აკუმულატორი. როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის დადგომასთან ერთად მოძველებული აკუმულატორები ქმნიან პრობლემას და ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო სადმე ქალაქგარეთ -10 გრადუს ტემპერატურაზე ვეღარ შევძლოთ ძრავის დაქოქვა.

 

რამდენად მიზანშეწონილია MT (ე.წ. ტალახის) საბურავებით თოვლში მოგზაურობა?

არსებობს ბევრი სახეობის მტ საბურავები, რომლებიც მეტნაკლებად გამოსადეგია თოვლიან ზედაპირზე გადასაადგილებლად, თუმცა ისინი არის კონკრეტულად ტალახიან ნიადაგზე გადასაადგილებელი საბურავი. მტ საბურავი  კარგია ღრმა გაუკვალავ თოვლში, ტყის პირობებში, როდესაც თოვლის ქვეშ ტალახიანი ნიადაგია. შესაბამისად მტ საბურავი არ არის მიზანშეწონილი თოვლიან და ყინულიან გზებზე.

 

გარდა ძირითადი დეტალებისა (საბურავი, ანტიფრიზი, და ა.შ.) რა არის საჭირო უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის?

აუცილებელია ავტომობილს გამართული ქონდეს ნისლსაწინაღმდეგო ფარები, რაც ინტენსიური თოვისა და ნისლის დროს ხელს შეუწყობს ხილვადობის გაუმჯობესებას. ასევე საქარე მინის საწმენდები უნდა მუშაობდეს გამართულად. საქარე მინის საწმენდი სითხე უნდა იყოს სპეციალური შამპუნი, რომელიც ასევე ყინვაგამძლეცაა (შესაძლებელია წყალში გაზავებული სამედიცინო სპირტის გამოყენებაც).

 

როგორ დავიმორჩილოთ ავტომობილი თუ მიუხედავად ყველაფრისა ის მოცურდა?

განვიხილოთ შემთხვევები, რომლებსაც თოვლიან რელიეფზე გადაადგილებისას შეიძლება შევხვდეთ:

წინაამძრავიანი ავტომობილის შემთხვევაში „ზანოსიდან“ ანუ უკანა მხარის სრიალიდან გამოყვანა: უკანა მხარის მოცურების შემთხვევაში, მაგალითად თუ მარჯვენა მხარეს წაიღო, აუცილებლად საჭე უნდა ავიღოთ საპირისპირო მიმართულებით ანუ მარცხნივ და ვეცადოთ აქსელერატორის (გაზის) მომატებით გამოვიყვანოთ ავტომობილი „ზანოსის“ მდგომარეობიდან. წინა ამძრავიან ავტომობილზე „სნოსის“ ანუ წინა მხარის მოცურების დროს არავითარ შემთხვევაში არ იხმაროთ აქსელერატორი.

უკანაამძრავიანი ავტომობილის შემთხვევაშიც საჭეს ვიღებთ იგივენაირად საპირისპიროდ, ოღონდ ამ შემთხვევაში ძრავის ბრუნს ვადაბლებთ და ვცდილობთ ბრუნების ოქროს შუალედის დაჭერას, რა დროსაც მანქანა უნდა გამოვიდეს „ზანოსის“ მდგომარეობიდან. უკანა ამძრავიან ავტომობილზე „სნოსის“ დროს შესაძლებელია აქსელერატორის საშუალებით ავტომობილის გასწორება, თუმცა, თუ ამ კუთხით გამოცდილება არ გაქვთ შესაძლოა უფრო გაამწვავოთ სიტუაცია.

ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მუხრუჭის ხმარება, რომელიც არ არის აღჭურვილი ABS-ით.

სამწუხაროდ ხშირად ავარიის მიზეზი ხდება მუხრუჭზე ისტერიულად ფეხის დაჭერა, რაც გამოუცდელობით არის გამოწვეული.

 

რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც აპირებს მთაში გამგზავრებას?

პირველ რიგში მოამზადეთ ავტომობილი სათანადოდ, რაც თავიდან აგარიდებთ გაუთვალისწინებელ უსიამოვნო შემთხვევებს. ზამთარში მაღალმთიან რეგიონებში გამგზავრებამდე აუცილებლად დეტალურად გაეცანით ამინდის პროგნოზს და დარწმუნდით, რომ უახლოეს დღეებში არ არის ინტენსიური ნალექი მოსალოდნელი, რადგან ძალიან დიდი რისკია მოვიდეს ნალექის დიდი რაოდენობა თოვლის სახით და გაურკვეველი დროით მოწყდეთ გარესამყაროს მანამ, სანამ სპეციალური სამსახურები გზას არ გაწმენდენ.

თუ თქვენ ხართ გამოუცდელი მძღოლი, ექსტრემალურ სიტუაციებში ნუ ეცდებით თავის გამოჩენას და საგმირო საქმის ჩადენას, რადგან გამოუცდელობით შესაძლებელია ერთი უკიდურესობიდან მეორე უარეს უკიდურესობაში აღმოჩნდეთ.

თოვლიან გზაზე გადაადგილებისას (ისევე როგორც სხვა შემთხვევაში) უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები. აუცილებლად მძღოლსა და მგზავრებს უნდა ქონდეთ შეკრული უსაფრთხოების ღვედები.

გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, იმგზავრეთ წესების დაცვით.

 

 

დამატებით პრაქტიკული რჩევებისთვის იხილეთ ვიდეო, რომელიც გიორგიმ მოგვაწოდა. ვიდეოს ავტორი: რამაზ ირემაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები