პირის ღრუში ხაჭოსებრ ნადებს რძიანა ჰქვია. უყურადღებოდ მისი დატოვება არ შეიძლება, რადგან ახალშობილის ფლორა პირველივე დღეებიდან იწყებს მიკრობებით დასახლებას, ხოლო იმუნიტეტი – დამოუკიდებლობას, მაშინ როდესაც მის გარშემო სიცოცხლის უამრავი საფრთხეა. ერთ-ერთი მათგანი კი ყველაზე გავრცელებული და არასასიამოვნო, ინფექციური დაავადებაა, რომელსაც კანდიდას გვარის სოკო იწვევს. ეს არის რძიანა, ანუ პირის ღრუს კანდიდოზი.
სოკოვანი ინფექციით, ახალშობილი, დედისგან ინფიცირდება სამშობიარო გზების გავლისას, ან მოგვიანებით, მშობლების პირად ნივთებთან შეხებისას – რა თქმა უნდა, თუ მშობლები თავად არიან ინფიცირებულნი. სოკოვანი დაზიანება, ჩვეულებრივ, ლორწოვან გარსებზე ლოკალიზდება. ამას ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის ქიმიური შემადგენლობა. ენაზე, სასაზე, ლოყის შუაში ხაჭოსებრი ფიფქები ჩნდება. მათ წარმოშობას პროვოცირებას უწევს ხშირი წამოქაფება და ნაწლავური დისბიოზი. გარდა ამისა, რძიანა თან ახლავს ნაწლავურ ინფექციებს, ალერგიულ რეაქციებს, მწვავე რესპირატორულ დაავადებებს.
თუ ბავშვის საერთო მდგომარეობა შეცვლილია, შეინიშნება უმადობა, პირის ღრუს ლორწოვანი ფერნაცვალია და აქვს თეთრი ნადები, ექიმს უნდა მიმართოთ. სწორი მკურნალობის პირველი და მნიშვნელოვანი ასპექტია კვების რეჟიმის მოწესრიგება: არ შეწყვიტოთ ბავშვის კვება დედის რძით; თუ ბავშვი უკვე იღებს დამატებით საკვებს, უნდა არიდოთ შაქარს და დუღილის გამააქტიურებელ პროდუქტებს. საკვები უნდა იყოს გახეხილი, არ ჰქონდეს მძაფრგემოს დანამატები; ანთებითი პროცესის შესამცირებლად რეკომენდებულია დაზიანებული ლორწოვანის დამუშავება 2-4%-იანი სოდის ხსნარით. მძიმე შემთხვევებში კარგია ადგილობრივი ანტიმიკოზური საშუალებების – ხსნარების, სუსპენზიების, გელების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით. რძიანას პროფილაქტიკისთვის მომავალმა დედამ რეგულარულად უნდა იაროს გამოკვლევებზე (განსაკუთრებით – ორსულობის მესამე ტრიმესტრში); მეძუძური დედისთვის რეკომენდებულია მკერდის ერთჯერადი საფენების გამოყენება; ბოთლი და საწოვარა ყოველი კვების წინ უნდა გამოიხარშოს ან სტერილიზატორში დამუშავდეს.