მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. „რეალი“ ფავორიტი იყო განმეორებითი ნახევარფინალის წინ, თუმცა მისმა თანაქალაქელმა „ატლეტიკომ“ ისეთი თამაში წამოიწყო, ქომაგებს სასწაულის იმედი გაუჩინა. ნაადრევად გატანილი ორი გოლი გამარჯვებას წარმოუდგენელს აღარ ხდიდა, თუმცა პირველივე ტაიმის ბოლოს ბენზემას კარგი თამაშის შემდეგ ისკომ გაიტანა და აქ ყველაფერი დამთავრდა. „ატლეტიკოს“ მეორე ნახევარში სამი უპასუხო გოლი უნდოდა… ეს იყო ამ მშვენიერი გუნდის ისტორიულ სტადიონზე ევროთასებზე ჩატარებული ბოლო მატჩი: “ატლეტიკო” “ვისენტე კალდერონს” „რეალთან“ მოგებული თამაშით დაემშვიდობა და მომდევნო სეზონიდან ახალ სტადიონზე გადავა… სხვათა შორის, “ატლეტიკომ” 58 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა “რეალი” ევროთასებზე.
მაშ ასე: 3 ივნისი, კარდიფი, „მილენიუმი“- ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „იუვენტუსი“-„რეალი“ – მშვენიერი წყვილი დაჯდა.
ლიგის ფინალში ეს გუნდები ერთხელ უკვე შეხვედრიან: 1998 წელს “რეალმა” პრედრაგ მიატოვიჩის გოლით 1:0 მოიგო.
„სამეფო კლუბი“ ევროტურნირებზე მე-19 ფინალს ითამაშებს. ეს კი ახალ ირეკორდია. მადრიდელებმა ამ მაჩვენებლით დაუძინებელ მტერს, „ბარსელონს“ გადაასწრეს.
„რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ რეკორდიც გაიმეორა: ყველა შეჯიბრის ჩათვლით ზედიზედ 61 მატჩში გაიტანა გოლი.
თუ “რეალმა” ფინალში გოლი გაიტანა, ეს იქნება ამ დიდებული გუნდის მე-500 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.
„ატლეტიკო“ – „რეალი“ 2:1 (2:1)
მადრიდი, „ვისენტე კალდერონი“, 50 000 მაყურებელი
„ატლეტიკო“: ობლაკი; ხიმენესი (პარტეი 56), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე (კორეა 76), გაბი, საულ ნიგეზი, კარასკო; გრიზმანი, ტორესი (გამეირო 56)
„რეალი“: ნავასი; დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, კაზემირო (ვასკესი 77), მოდრიჩი; ისკო (მორატა 88); ბენზემა (ასენსიო 76), რონალდო
გოლები: 1:0 საულ ნიგეზი (12), 2:0 გრიზმანი (16, პენ), 2:1 ისკო (42)
გაფრთხილება: სავიჩი (6), გოდინი (34), გაბი (37), კორეა (86) – დანილო (4), რამოსი (34)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 18 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 7:8 თამაშგარე: 1:2