სასტუმრო “ჰოლიდე ინნ”-თან შეკრებილი რეზი არველაძის მეგობრები და მხარდამჭერები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად პროვოკაციებს ელოდებიან.
არველაძის საწინააღმდეგო და კობიაშვილის მხარდამჭერი აქციის პარალელურად “ჰოლიდე ინნ”-თან შეკრებილები არიან არველაძის მეუღლე და მისი მეგობრები, რომლებიც მიმდინარე აქციას ხელისუფლების მართულს უწოდებენ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” რეზი არველაძის მეგობარმა მაია ლორთქიფანიძემ განუცხადა, შესაძლოა მოხდეს პროვოკაციები და ჩაიშალოს ან გადაიდოს არჩევნები.
“ეს ხელისუფლება იმეორებს იმას, რაც მოხდა 2007 წლის 13 მაისს, რა დროსაც სპორტსმენებს შეაძულეს სპორტსმენობა. ხელისუფლება უხეშად ერევა პროცესებში. ხდება ზეწოლა, ხელების გადაგრეხვა და დაჭერა. შესაბამისად ველოდებით, რომ მოხდება პროვოკაციები. ჩვენ არ შევდივართ კონტაქტში აქციის მონაწილეებთან, რომელიც სახელისუფლებო ბლოკმა შექმნა”, – განაცხადა მაია ლორთქიფანიძემ.