საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო დირექტორმა რიჩარდ ბაჯეტმა განაცხადა, რომ რიო-დე-ჟანეიროს თამაშების წინ, ახალი მეთოდის გამოყენებით ხელმეორედ შეამოწმებენ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე აღებულ დოპინგ-სინჯებს.
ყურადღება გამახვილდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც მედლების კანდიდატები არიან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება რუს, კენიელ და ეთიოპიელ ათლეტებზე.
“რიოს ოლიმპიადის წინ, ლონდონში აღებულ ასობით სინჯს შევამოწმებთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან და უკვე შევათანხმეთ რომელ ქვეყნებსა და სპორტის სახეობებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მეტი სინჯი 8-10 წლის განმავლობაში, რადგან უცნობია, როგორ განვითარდება მეცნიერება უახლოეს პერიოდში. ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეების შემოწმება, შესაძლოა, კიდევ 4-5 წელი გაგრძელდეს”, – აღნიშნა რიჩარდ ბაჯეტმა.
პარალელურად, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჰოუმენმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სოჭის 2014 წლის თამაშების ზოგიერთ დოპინგ-სინჯს შეამოწმებენ.
“იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, ზოგიერთი სინჯი სასწრაფოდ უნდა გადამოწმდეს”, – განაცხადა ჰოუმენმა.