საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, ვარაზისხევში, ასფალტის დაგებაზე მსჯელობის დაწყების გამო მერიას აკრიტიკებს.
მესხიშვილი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც, ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით ჩანაცვლება არ შეიძლება.
“როცა მანქანის “ხადავოი” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თბილისი!
ქვაფენილი თუ ასფალტი? ასე დაისვა კითხვა დღეს მერიაში, მას შემდეგ რაც ნახევრად აყარეს ქვაფენილი. არ ვიცი რა სენი შეეყარა მერიას, ჯერ კიდევ ნარმანიამ გამოუცხადა ბრძოლა ქვაფენილიან ქუჩებს, ჯერ ლეონიძეზე, შემდეგ ჯავახიშვილზე(ელბაქიძის დაღმართზე) აყარეს ქვები და ასფალტი დააგეს. ახლა ვარაზისხევის ჯერიც დადგა. ევროპული ქალაქების ქუჩებში მის შენარჩუნებას ცდილობენ. რატომ? პირველ რიგში ისტორიული იერსახის შენარჩუნებისათვის, ხოლო მეორეს მხრივ პრაქტიკული დანიშნულებისათვის.
ვარაზისხევში ქვაფენილი დახლოებით 70 წლის წინ დააგეს და ახლა მას ისტორიული ფასიც დაედო. გარდა იერსახისა მას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. თავსხმა წვიმების დროს, ვარაზისხევისათვის ნიაღვარი უცხო სულაც არ არის, ქვაფენილი კი ერთგვარი შემაკავებელია წყლის ჩამოდინების პროცესში, ამ დროს ქვებს შორის არსებული ღარები დრენაჟის ფუნქციას ასრულებს. მისი არარსებობის შემთხვევაში გმირთა მოედანი კიდევ უფრო სწრაფად დაიტბორება. ეფექტიანია ზამთარშიც, თოვლისა და ყინვის დროს. ქვაფენილიანი ქუჩები ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი იყო, ისევე როგორც ძველი ევროპული ქალაქებისათვის. ზუსტად ეს სიძველე ხიბლავთ ტურისტებს ჩვენ ქალაქში და არა ასფალტი.
საერთოდ როდესაც ძველ სახლებზე, როგორც ძეგლებზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება რომ ეს სახლები იმდროინდელი დიზაინით მოწყობილი ლამაზი ქუჩების გარეშე თითქმის წარმოუდგენელი. და ერთი რომელიმეს შეცვლამაც კი, შეიძლება მთელი არქიტექტურული კომპლექსი დაარღვიოს. ჩემი აზრით ასეთ ქუჩებსაც ძეგლის სტატუსი უნდა ჰქონდეთ მინიჭებული და მათი დიზაინის ხელაღებით განადგურება ისტორიის უგულებელყოფით დაუშვებელია.
იწვევს თუ არა ქვაფენილი ხმაურს და დამტვრიანებას? ის ქვაფენილი, რომელიც აქ არის ამჟამად შეიძლება იწვევს კიდევაც. მაგრამ რატომ არ გვთავაზობს მერია მესამე კითხვას? მაგალითად ასეთს: თანახმა ხართ თუ არა რომ ვარაზისხევის გზის საფარი მოეწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქვებით? რომელიც ხმაურსაც და დამტვრიანებასაც ნაკლებად იწვევს, ლამაზიცაა ქალაქის იერსახისათვის. წარმოიდგინეთ ვარაზისხევი მოპირკეთებული თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ახალი ქვებით (მოზაიკური დიზაინიც შეიძლება), რომელსაც მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი აქვს (სხვათაშორის) ლამაზად არის ჩაწიკწიკებული ერთ სიბრტყეზე და მიუყვება აღმართს, პარალელურად გვერდით განთავსებულია ძველი თბილისისთვის დამახასიათებელი ლამპიონები, უნივერსიტეტის შესასვლელი კი განსაკუთრებულად ლამაზად არის მოწყობილი, განათებული… რა ჯობია ასეთ მიდგომას? მაგრამ არა! გინდა თუ არა ასფალტიო!
ფიქრის გორის მოსახლეობა აშკარად შეცდომაშია შეყვანილი. ისინი ფიქრობენ რომ ასფალტი არის ეკოლოგიურად სუფთა და გარემოს არ აბინძურებს, აი მე კი პირიქით მგონია: თანამდეროვე ტექნოლოგიების შესაბამისად დაგებული ქვები არის გაცილებით სუფთა ვიდრე ასფალტი და სანამ ასეთ მოთხოვნას დააყენებთ უმჯობესია ასფალტის შემადგენლობაში და მისგან გამოწვეულ დაბინძურებაში უკეთ გაერკვეთ. თურმე ამ ქალაქის ჰაერის დაბინძურება ერთი ციცქნა ვარაზისხევის ბრალი ყოფილა და დავუწამლივართ ყველა. საინტერესოა, იგივე მოსახლეობა რატომ არ აპროტესტებს ფიქრის გორაზე მიმდინარე სულისშემხუთველ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას, რომლებმაც იქ ცხოვრება გაუსაძლისი გახადა. ამის გამო, მუდმივად საცობი და ბუღია ფიქრის გორის ქუჩებზე, სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ცხვირწინ კორპუსები აგაფარეს, ჰაერი გადაგიკეტეს და ეს არ შეგიმჩნევიათ და ვარაზისხევის ქვაფენილი გახდა პრობლემა? შესაძლოა ახალ კორპუსში შესახლდით უკვე და 70-წლიანი ვარაზისხევი ახლაღა გეხამუშათ, გეუცხოვათ?!
ბევრგან კომენტარებში ამოვიკითხე: “ვაშა რა კარგია, ამოისუნთქებს ჩემი მანქანა”, “მოვკვდი ხადავშიკთან სიარულით”, “ხადავოი დამინგრია”. კი მაგრამ, მაშინ სად ხართ ხოლმე როცა თავღია ჭებში და ორმოებში ცვივა ავტომობილები და მართლა ინგრევა?! ეს არ გაშფოთებთ?! ვარაზისხევმა დაგინგრიათ ავტომობილები? გადააგდეთ მაშინ, რამეს მოგწევთ ასეთი მანქანა თუ ერთ ჩვეულებრივ ქვაფენილსაც ვერ უძლებს. თქვენი მანქანის “ხადავოის”მიხედვით უნდა მოეწყოს ეს ქალაქი? რა “ხადავოი” რის “ხადავოი” ხალხო, ქალაქის ისტორიაზე და მის იერსახეზეა საუბარი. ასე, საკუთარი თავიდან ყველაფერზე ფიქრი როგორ შეიძლება? პატარა ვარაზისხევს გაუნადგურებია თურმე ჩვენი ავტოპარკი და თან დავუწამლივართ! სირცხვილია!
თბილისის მერიავ, მორჩი ამ გაურკვეველ თამაშს და ახლა როცა ქვაფენილი უკვე აყრილია ჩვენ ნუღარ გვეკითხები რა ვქნაო! და თუ მაინც გვეკითხები მესამე კითხვაც ჩაამატე: “გსურთ თუ არა, რომ ვარაზისხევი მოეწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად ახალი ქვაფენილით?” ისე კი ამ კითხვის გარეშე გირჩევთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად დააგოთ ახალი, ნაკლებ ხმაურიანი, ლამაზი ქვაფენილი, ორიგინალური დიზაინით.
P.s ეჭვი მაქვს შემდეგი კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩაა” – წერს მესხიშვილი სოციალურ ქსელში.