ზამთრის დადგომასთან ერთად ავტომობილის მოვლასთან დაკავშირებული პრობლემებიც აქტუალური ხდება. პირველ რიგში, ვცდილობთ შევიძინოთ ზამთრის საბურავები, ანტიფრიზი და ზეთი, თუმცა, ყველას ავიწყდება, რომ საქარე მინის დაბინძურების შემთხვევაში, ავტომობილის მართვა ფაქტიურად შეუძლებელი ხდება, მის გაწმენდაში კი საქარე მინასაწმენდები გვეხმარება. მათ კი, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.
პირველ რიგში, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად უნდა შევიძინოთ საქარე მინის სპეციალური სითხე, რომელიც საწმენდ წყალს გაყინვისაგან დაიცავს. თუ ამას არ გავითვალისწინებთ, სხვა რჩევები შეგვიძლია საერთოდ დავივიწყოთ…
რაც შეეხება მინასამწმენდებს, მას შემდეგ რაც წყალში ანტიფრიზს გავურევთ, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება რეზინებს, რომლებიც საქარე მინაზე მოთავსებულ მექანიზმში მდებარეობს. თუ აღმოვაჩენთ, რომ რეზინი დაზიანებული ან გაუხეშებულია, აუცილებლად უნდა შევცვალოთ. შესაბამისად ახალი რეზინები, საქარე მინის უკეთესად გაწმენდაში დაგვეხმარება.
თოვლისა და ყინვის პერიოდში, პარკინგის მდგომარეობაში ავტომობილის დატოვებისას საქარე მინასაწმენდები უნდა მოვაცილოთ საქარე მინას, რათა თავიდან ავიცილოთ ყინვისაგან გამოწვეული უმოძრაობა. გარდა ამისა, ასეთი ქმედება, მინასაწმენდებს სიმძიმისგანაც დაიცავს, რაც შემდგომში კოროზიებსა და მის დეფორმირებას იწვევს.
პარკინგის შემდგომ მინასაწმენდების გამოყენებამდე აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი მინაზე არ არის მიყინული. თუ დარწმუნებულები არ ვართ, სრულიად შესაძლებელია, რომ მექანიზმი დაზიანდეს, ან საერთოდ მოწყდეს, რაც არც თუ ისე სასიამოვნო იქნება.
თუ ავტომობილი თოვლიანი დაგვხვდა, პირველ რიგში საქარე მინიდან ფრთხილად უნდა მოვაცილოთ თოვლის საფარი, რაც შემდგომში მინასაწმენდების დათვალიერებაში დაგვეხმარება და თავიდან აგვაცილებს მის უეცარ დაზიანებას.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ წინა და უკანა საქარე მინასაწმენდები ერთდროულად უნდა შეიცვალოს, თუმცა, ეკონომიის მიზნით მათი მდებარეობის შეცვლაც არ იქნება ურიგო. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ უხარისხო მინასაწმენდები არც ისე უსაფრთხოა და რეკომენდებულია ორიგინალი, ბრენდირებული მინასაწმენდების გამოყენება.