LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება ევროპის ყველაზე ლამაზი ქალაქების ათეული

36

უძველესი ევროპის ლეგენდარული ქალაქები, რომლებიც ყოველთვის  განსაკუთრებული ენერგეტიკით გამოირჩეოდნენ, თავისი ისტორიის, ცხოვრების სტილის და საერთო ატმოსფეროს წყალობით, დღემდე ინარჩუნებენ უნიკალურობას და თვითმყოფადობას.

 

ფლორენცია

არქიტექტურული შედევრებითა და გემრიელი კერძებით განთქმული ფლორენცია, დღესაც ევროპის ულამაზეს ისტორიულ ქალაქად და მის კულტურულ დედაქალაქად ითვლება. საუკუნეების მანძილზე ევროპის მთავარ ფინანსურ და სავაჭრო ცენტრში, ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს  შუასაუკუნეების პირქუში ენერგეტიკა და განუმეორებელი რომანტიკა, პირვანდელ მდგომარეობაში შენარჩუნდა მე-15 საუკუნის ისტორიული სახე, შუასაუკუნეების თემა კი, ისევ უმთავრესია ქალაქისთვის, რომელიც რენესანსის სამშობლოდ ითვლება.

 

 

ვენეცია

ხიდების, არხების, ნიღბების და სიყვარულის ქალაქი –  ყველაფერი ეს ვენეციაა, რომელმაც რამდენიმე საუკუნის წინ მოიპოვა მსოფლიოს  ულამაზესი ქალაქის წოდება და დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს. მუსიკის, თანამედროვე ხელოვნების და მდიდრული კარნავალების ცენტრად ქცეული “ქალაქი წყალზე” ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც საუკუნეების წინ. რომანტიკული გასეირნება გონდოლებზე მთელი მსოფლიოდან იზიდავს შეყვარებულ წყვილებს, ბაროკოსა და გოთიკის მოყვარულები კი, ვენეციაში შთაგონებისთვის ჩადიან, რადგან ვენეციის სილამაზე მართლაც უნიკალურია.

 

 

რომი

მარადიული ქალაქი – რომი ბრილიანტია ნებისმიერი ტურისტული გზამკვლევის კოლექციაში. მსოფლიოს ყველაზე დიდებულ ქალაქს ხშირად ღია ცის ქვეშ მოწყობილ უზარმაზარ მუზეუმსაც ეძახიან, რადგან უძლეველი რომი დღემდე ინახავს ისტორიას და ყველა იმ ფასეულობის სიმბოლოა, რითაც ევროპული ცივილიზაცია ამაყობს.

 

 

პარიზი

მსოფლიოს ყველაზე რომანტიკული ქალაქი, რა თქმა უნდა, ტურისტების უსაყვარლესი ადგილიცაა. ელეგანტური და მდიდრული, სამზარეულოთი და მოდით ცნობილი პარიზი,  ევროპის ქალაქებს შორის თავისი ცხოვრების სტილითაც გამოირჩევა. პარიზი ის ქალაქია, რომელიც ყველამ საკუთარი თვალით უნდა ნახოს და არა ერთხელ, რათა ბოლომდე შეიგრძნოს მისი განსხვავებული სილამაზე და განსაკუთრებული მაგია. შემთხვევითი არაა, რომ პოეტები, მხატვრები და მუსიკოსები სწორედ პარიზში ეძებდნენ შთაგონებას.

 

 

პრაღა

ევროპის ისტორიული ქალაქი, რომელიც უკვე 1100 წლისაა, თავისი   კულტურული მემკვიდრეობით იზიდავს მილიონობით ტურისტს. გოთიკური არქიტექტურა და უძველესი მოედნები, ცნობილი ლუდსახარში სახლები, საფირმო ჩეხური ლუდი და შობის დღესასწაულის აღნიშვნის უნიკალური ტრადიცია – პრაღა ზუსტად ის ადგილია, სადაც ნებისმიერი იგრძნობს თავს ბედნიერად.

 

 

ამსტერდამი

 

“დამბა მდინარე ამსტელზე” – ასე ითარგმნება ქალაქის სახელი, რომელიც ევროპის უმნიშვნელოვანეს საპორტო ქალაქად ითვლება. ამსტერდამის განუმეორებელი სილამაზე პირველ რიგში წყალთანაა დაკავშირებული – წყალში არეკლილი ფერადი სახლები, უნიკალური არხები და ხიდები ყოველთვის განსაკუთრებულ კოლორიტს ქმნიდნენ. გარდა ამისა, ქალაქი ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით, ფესტივალებით მხატვრებისთვის და თავისუფალი შემოქმედებითი ელიტისთვის.

 

 

ბრიუგე

ზღაპრულმა ქალაქმა ბელგიის ჩრდილო-დასავლეთში განსაკუთრებული პოპულარობა ფილმის “ბრიუგეში” ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მსოფლიომ ფლანდრიის ულამაზესი ქალაქი, თავისი შუასაუკუნეების არქიტექტურით და მიქელანჯელოს შედევრებით, ქუჩის კონცერტებით და სამხატვრო გალერეებით, მუსიკალური და კულინარიული ფესტივალებით, რაც ბრიუგეს უნიკალურ ადგილად აქცევს გურმანებისა და ესთეტებისთვის.

 

 

ბუდაპეშტი

უნგრეთის დედაქალაქი ძველისა და ახლის საოცარი შერწყმაა. ბუდას ციხე-ქალაქი, ცნობილი აბანოები თერმულ წყაროებზე და უნგრული სამზარეულო, კოლორიტული და თვითმყოფადი ბუდაპეშტის მახასიათებელია, რომელიც სამართლიანად შედის ევროპის საუკეთესო ქალაქების ოქროს ფონდში.

 

 

ლისაბონი

პორტუგალიის მარგალიტი – ლისაბონი, ევროპის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზასი ქალაქია თავისი რომანული და გოთიკური არქიტექტურით დაწყებული, ბაროკოთი და პოსტმოდერნისტული სტილით დამთავრებული. მუზეუმები, პარკები და ვიწრო ქუჩები, მოზაიკით მოპირკეთებული მოედნები, ბრინჯაოს შადრევნები და ყვავილებში ჩაძირული ქუჩები – ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის ასეთი სილამაზით.

 

 

ბარსელონა

გოთიკური კვარტალით და ანტონიო გაუდის ორიგინალური არქიტექტურით ცნობილი ბარსელონა, ფეხბურთის დედაქალაქი და ესპანეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც სამართლიანად ამაყობს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით და თანამედროვე შედევრებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები