LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუმკურნალოთ ქავილს

112
როგორ ვუმკურნალოთ ქავილს

ყველამ იცის, რომ ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა ცალკეულ დაავადებათა განვითარების ან გამწვავების მაპროვოცირებელი ფაქტორია (მათ შორის – კანის პათოლოგიების). გამოხატულ სიმპტომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კანის ქავილს. ნერვულ ნიადაგზე ზოგს ხელები, ფეხები, თავი ან სხეულის სხვა მიდამოებზე ექავება. აღნიშნული სიმპტომი დისკომფორტსა და მოუსვენრობას იწვევს. მისი კლინიკური სურათი სხვადასხვაგვარია, ამიტომ სწორი დიაგნოზის დასმა არც ისე ადვილია, მით უმეტეს სტრესზე რეაქცია შესაძლოა მოგვიანებით გამოვლინდეს, თანაც ყოველ ადამიანთან ინდივიდუალურად. რატომ ვითარდება ქავილი?

საქმე ის არის, რომ მუდმივი მოუსვენრობა შფოთვა, განგაში და ნერვული გადაძაბვა, იმუნურ სისტემას ძლიერ დარტყმას აყენებს. ამ შემთხვევაში იმუნური სისტემის სამიზნედ საკუთარი ორგანიზმის უჯრედები იქცევა, დამცავ და აგრესიულ მექანიზმებს შორის წარმოიშობა დისბალანსი, სადაც დამანგრეველი პროცესები დომინირებს. საერთო ვითარების ფონზე კანის ნერვული დაბოლოებები, სენსორული რეცეპტორები აქტიურდება და განუწყვეტლივ აწვდის სიგნალს ზურგის ტვინს, რომელიც თავის ტვინს გადასცემს შესაბამის ინფორმაციას. კანის ქავილი ხშირად ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის ერთგვარი ნიშანია, კანის რეცეპტორების ძლიერი გაღიზიანება კი ზოგჯერ ტკივილს იწვევს. როგორ განვასხვაოთ ნერვული ქავილი კანის პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ქავილისგან – კანის ქავილი ხომ ფსიქიკურ სტრესთან ერთად ბევრ პარაზიტულ და კანის მრავალ დაავადებასაც ახასიათებს (მუნს, ჭინჭრის ციებას, დერმატიტს და სხვა).

ნერვული ქავილის შემთხვევაში დამამშვიდებელი საშუალებები ეფექტს ახდენს და სიმპტომს აცხრობს. თუ, ქავილი დამამშვიდებელი საშუალების მიღების შემდეგაც იმავე სიმძაფრით გაგრძელდა, აუცილებელია ექიმთან მისვლა და სათანადო გამოკვლევების ჩატარება. თვითმკურნალობა სედატიური და დეპრესიის საწინააღმდეგო ძლიერი საშუალებებით არ შეიძლება – მიჩვევას, ძილიანობას, ტვინში მიმდინარე განსაზღვრული პროცესების შეკავებას იწვევს. ნერვული ქავილის შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ მიიღოთ კატაბალახას, შავბალახას, პიტნის ნაყენები.

ნერვულ ქავილთან ბრძოლის ხალხური საშუალებებიდან გირჩევთ გამოიყენოთ ძმარი ან პომიდვრის წვენი. თუ კანის შესაბამის უბნებს ძმრის 9 %-იან წყალხსნარში ან პომიდვრის წვენის წყალხსნარში დასველებული დოლბანდის ნაჭრით დაიმუშავებთ, შვებას იგრძნობთ. კარგია აგრეთვე სალბის, გვირილის, მუხის ქერქის აბაზანები და გამაგრილებელი ეფექტის მქონე კრემები (ქაფურის, პიტნის, ევკალიპტის). პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გაკაჟება, სტრესისადმი მდგრადობის გამომუშავება, საპასუხო რეაქციათა გაწონასწორება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები