LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი გაასწრებს ზებრაზე, ქვეითის და მძღოლის შეჯიბრი – რა პრობლემებია გადასასვლელებზე

142

უხარისხო მასალით დახაზული ზებრა გადასასვლელები, მასთან მიახლოების მანიშნებელი საგზაო ნიშნების არარსებობა ან შეცდომით არსებობა, გადასასვლელების ისეთ ადგილებზე დახაზვა, სადაც საშიშიცაა და ავარიული შემთხვევების რისკსაც ზრდის – ეს არასრული სიაა იმ პრობლემებისა, რომლებზეც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები დიდი ხანია, საუბრობენ.

ის, რომ დღეს თბილისში გარკვეულ ლოკაციებზე ქვეითად მოსიარულეებისთვის გადასვლა არაა უსაფრთხო და ეს სფერო მოსაწესრიგებელია, დღეს დედაქალაქის მერმაც აღიარა. ამის მოწესრიგება კი გამგებლებს დაუყოვნებლივ დაავალა.

კახა კალაძის თქმით, უკვე შერჩეულ 100-ზე მეტ ლოკაციაზე უნდა მოეწყოს ქვეითთა დამატებითი გადასასვლელები და დამონტაჟდეს ლედნათურები. ეს ყველაფერი კი ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებისკენაა მიმართული.

დედაქალაქის მასშტაბით არის გზაჯვარედინები, სადაც მოქალაქეებისთვის ერთგვარი სპორტი და თავსატეხია გზის გადაკვეთა. თუმცა, ამასთან არსებობს ისეთი გზები, სადაც წინასწარ ვერ გამოიცნობ, გზის მეორე მხარეს საღსალამათი აღმოჩნდები თუ არა. ამაში მაშინ დარწმუნდებით, თუ მარშალ გელოვანის გამზირზე ერთ-ერთ ცნობილ და პოპულარულ ჰიპერმარკეტთან გადასვლას მოისურვებთ და იური გაგარინის ქუჩაზე გზის გადაკვეთას შეეცდებით. ყოფილა შემთხვევებიც, როცა გზის გადაკვეთისას ქვეითს მისგან დამოუკიდებლად, საავარიო სიტუაციები შეუქმნია.  ამ კონკრეტულ ადგილებზე არც ერთ ზებრაგადასასველთან არ არის შუქნიშანი. 

ის, რომ თბილისში ეს საკითხი მოსაწესრიგებელია და ქვეითებისთვის გზის გადაკვეთა საშიშია, „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში, ზებრის არსებობას სჯობს, საერთოდ არ იყოს გადასასვლელი.

„ხანდახან მძღოლები ზებრა გადასასვლელთან მიახლოებას საერთოდ ვერ იგებენ  საგზაო ნიშნების შესაბამისად და ამას კიდევ ართულებს ის მდგომარეობა, რომ უხარისხო მასალითაა დახაზული. დღეს ჩვენი ზებრები არაა აღქმადი იმიტომ, რომ ის საღებავი,  რომელსაც იყენებენ და უარყოფილია ევროპულ ქვეყნებში, იშლება ერთ თვეში. შესაბამისად, მეტ დანახარჯს წევენ უხარისხო მასალის გამოყენებაში. ანუ ყოველთვე რომ ზებრას დახაზავ, უფრო მეტი გიჯდება, ვიდრე ხარისხიანი მასალის გაკეთების შემთხვევაში. ჩვენ ასევე გვაქვს რიგი შემთხვევები, როცა ჯერ ზებრა გადასასვლელი გვხვდება და შემდეგ  ქვეითის გადასასვლელი ნიშანი, რაც ასევე დაუშვებელია. იქ, სადაც მოძრაობა არის 4 ან 6-ზოლიანი და მოძრაობას არ არეგულირებს შუქნიშანი, ეს ძალიან საშიშია. ასეთ შემთხვევებზე ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე თქვეს უარი იმიტომ, რომ უკიდურეს ზოლში მდებარე ავტომობილი თუ გზას გვითმობს, ამას ვერ ხედავენ  სხვა ზოლებში მოძრავი ავტომობილების მძღოლები.

„ფორტუნასთან“,  იური გაგარინის ქუჩაზე რაც არის, ეს არის მკვლელობა. ასე არ შეიძლება ამ ადგილის მოწყობა.  ასევე, არის ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ქვეითი და მძღოლები  არიან კონფლიქტურ სიტუაციაში. ერთ-ერთი ასეთი არის ყაზბეგის გამზირზე, გზაჯვარედინი, როცა ავტომობილების ორი ნაკადი შედის ზებრაზე და ყველასთვის ერთდროულად ირთვება მწვანე. ესეც უნდა დამთავრდეს. ევროპამ ამაზე უკვე თქვა უარი. ქვეითი არ უნდა გარბოდეს ზებრაზე, მანქანა რომ არ შეეჯახოს. ეს უნდა დამთავრდეს,“ – განუცხადა დავით მესხიშვილმა „ფორტუნას“.      

მიუხედავად დღეს არსებული რიგი პრობლემებისა, ის კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას დადებითად აფასებს, თუმცა, რეკომენდაციით მიმართავს, რომ ახალი ზებრა გადასასვლელების მოწყობასთან ერთად, მოაწესრიგოს  არსებული ზებრა გადასასვლელები და გზაჯვარედინები და ასევე, დაიწყოს მუშაობა ე.წ „სასკოლო ზონების“ მოწყობასთან დაკავშირებითაც.

 

უპასუხისმგებლო  ფეხითმოსიარულეები    

ერთი საკითხია, როცა ვერ ხედავს ზებრას მძღოლი, არაა დამონტაჟებული შესაბამისი ნიშნები სწორად, არასწორი საღებავითაა დახაზული და მეორე საკითხია, თავად ქვეითი მოსიარულეების კულტურა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, ზებრა გადასასვლელებისა და საგზაო ნიშნების გვერდის ავლით კვეთენ გზას და აბნევენ მძღოლებს. რა მექანიზმი აქვს ასეთ დროს სახელმწიფოს, რომ მოქალაქეების კულტურა ჩამოყალიბდეს და მათ წესების დაცვით იმოძრაონ ქუჩაში.

დღეს არსებული რეგულაციით, მძღოლი, რომელიც ზებრა გადასასვლელზე ქვეითს არ დაუთმობს გზას, 40 ლარით ჯარიმდება, თავად ქვეითს კი, რომელიც  წესების დარღვევით გადაკვეთავს გზას, 10 ლარის გადახდა უწევს. თუმცა, ამ შემთხვევაში რთულია თავად აღსრულება, რადგან წესების დამრღვევი მოქალაქეები ხშირად მიმართავენ მეთოდს, რომ მათ თან არა აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ეს სამართალდამცავისთვის არგუმენტია.

ამ შემთხვევაში  მნიშვნელოვანია, რა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ ფეხითმოსიარულეებმა საკუთარი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც გააცნობიერონ.

სპეციალისტთა თქმით, გამოსავალი სანქციების გამკაცრებაში არაა. დავით მესხიშვილის თქმით, „უმჯობესია, პირველ რიგში,  მოწესრიგდეს ქვეითის გადასასვლელები, რომ კანონი უფრო სამართლიანი იყოს, რადგან, როცა მოქალაქეს სთხოვ, რომ დაიცვას წესები, კარგი იქნება, რომ რის დაცვასაც სთხოვ, ის ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული“.

„სანქციების გამკაცრებაში მე აზრს ვერ ვხედავ, რადგან დღესაც არსებობს რეგულაციები. თუმცა, რეაგირება მძღოლის კანონდარღვევაზე უფრო ხდება. ამიტომ კარგი იქნება, აღსრულების უფრო მოქნილი მექანიზმი შემუშავდეს,“ – აცხადებს დავით მესხიშვილი.

პირველი ე.წ. ზებრა გადასასვლელი 1868 წელს ლონდონში, ბრიჯის ქუჩაზე გაკეთდა. მას „საცალფეხო გადაკვეთის სიგნალი“ ერქვა, რომლის იდეაც რკინიგზის ინჟინერს ეკუთვნოდა. მისი მოსაზრებით, ეს გადატვირთულ გზებზე ფეხით მოსიარულეთა გადაყვანას შეუწყობდა ხელს.

სიგნალის განათებისთვის მოგვიანებით გაზის გამოყენება დაიწყეს, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია. მოგვიანებით კი უფრო აქტიურად დაიწყეს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მოწყობაზე ფიქრი.  

დროთა განმავლობაში ეს სისტემა დაიხვეწა. უკვე დღეს კი ისლანდიის პატარა ქალაქ ისაფიორდურში თუ მოხვდებით, ქვეითთა გადასასვლელ ხაზზე ოპტიკური ილუზია შეგხვდებათ – 3D ზებრა გადასასვლელი საგზაო უსაფრთხოების დასაცავად ცოტა ხნის წინ მოხატეს. ინოვაციური დიზაინის გადასასვლელი ქვეითებს ჰაერში სიარულის შეგრძნებას უტოვებს, ხოლო მძღოლებისთვის ის ჰაერში გამოკიდებულ ზებრა გადასასვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს, რის გამოც ისინი სიჩქარეს უკლებენ და ფეხით მოსიარულეებს გზაზე უსაფრთხოდ გადასვლის საშუალებას უტოვებენ.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები