LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბაგიროთი მგზავრობის ფასი ორმაგდება

38

საბაგიროთი მგზავრობის ფასის კორექტირებაზე, მერიამ დედაქალაქის საკრებულოს მიმართა.

როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მათ საბაგიროთი მგზავრობის საფასურის 2 ლარამდე გაზრდა მოითხოვეს.

საბაგიროთი მგზავრობის ღირებულების გაზრდის მიზეზი, ის არის, რომ ამ დროისთვის არსებული ტარიფით – 1 ლარით, საბაგიროები თავის თავსაც ვერ ინახავენ, რადგან 1 მგზავრის გადაყვანის რეალური თვითღირებულება 1.95 ლარია.

ამ დრომდე, მერია საბაგიროების შენახვისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 700 000 მლნ–ზე მეტს გამოჰყოფდა, თუმცა, რადგან საბაგირო ტრადიციულ სატრანსპორტო საშუალებას არ წარმოადგენს, მერია მის სუბსიდირებაზე უარს ამბობს.

“საბაგიროს მომხმარებლების 80% ტურისტები არიან. გამოდის, რომ მერია თითქმის, 2 მილიონ ლარამდე ტურისტების გადაადგილებასა და გართობისთვის ხარჯავდა. ამას ემატება საბაგიროების შენახვა–მოვლის ხარჯები, რაც რიყის საბაგიროს შემთხვევაში, საგარანტიო პირობების გასვლის გამო, სწორედ მერიას ეკისრება”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

ამ დროისთვის თბილისში ორი საბაგირო ფუნქციონირებს. რიყე–ნარიყალას მიმართულებით საბაგირო 2012 წლიდან არსებობს, ხოლო ვაკიდან კუს ტბის მიმართულებით საბაგირო სულ რამდენიმე თვეა მოქმედებს.

ორივე საბაგიროზე მიზნობრივი ჯგუფებისთვის (პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და ა.შ.) შეღავათებია დაწესებული.

თამთა უთურგაშვილი