LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცობების განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო კომპანიებისათვის ქალაქში გადაადგილების გრაფიკი დაწესდება

7

სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით თბილისის მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საცობების წარმოქმნის თვალსაზრისით სადისტრიბუციო ავტომანქანებს მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უჭირავს. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს თავიანთი ხედვა საცობების განტვირთვის მიზნით სადისტრიბუციო ავტომანქანების მოძრაობის განრიგის შესახებ და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა არის იმ კომპლექსური სქემის ნაწილი, რომელიც თბილისის საცობებისგან განტვირთვას უკავშირდება.

„დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებსაც ფართო დაფარვის ქსელი აქვთ ქალაქის მასშტაბით. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც გულისხმობს სადისტრიბუციო მანქანების უკეთ ორგანიზებას და პიკის საათებში რეგულირებას. განვიხილეთ რამდენიმე სამუშაო წინადადება და შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ მათ შევთავაზებთ კონკრეტულ წინადადებას, თუ რომელ ქუჩებზე, დროის რა პერიოდებში შეიძლება განხორციელდეს გარკვეული რეგულაციები იმისათვის, რომ თბილისში გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილეები, ირაკლი ლექვინაძე, გიორგი ლილუაშვილი, ასევე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წარმომადგენლები და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები