ამ დროისათვის, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ გასვიანმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, აკრძალვის მიზეზი ძლიერი ქარბუქი გახდა.
„ქარბუქის შეწყვეტის შემდეგ, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნება. რაც ეხება საქართველოს სხვა რეგიონებს, რიკოთი-სამტრედიის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დაშვებულია“ – განაცხადა გასვიანმა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ავტომობილების მოძრაობა გართულებულია წყალტუბო, ცაგერისა და სამეგრელოს რეგიონებში, თუმცა, მისივე თქმით, გზების დეპარტამენტი 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს – წმენდს გზას და ყრის მარილს, რათა მძღოლებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ.
„თუ აუცილებელი არ არის, მძღოლებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში გადაადგილებისგან, სადაც დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. თუმცა თუ მანქანას აქვს ზამთრის საბურავები, ისინი თავისუფლად მოძრაობენ, ხოლო კაპრონის საბურავებით მოძრაობა გართულებულია“ – განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.
მისი თქმით, უხვი ნალექისა და ყინვის გამო, რთული ვითარება იმერეთსა და სამეგრელოში იყო.