საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ სოფელში – რიკვირში, რომელიც ქვეყნის ულამაზესი სოფლების სიაშია შეტანილი, ადგილობრივების სიმშვიდის დასაცავად „სიჩუმის ქუჩა“ შეიქმნა.
ელზასში მდებარე რიკვირს მთელი წლის განმავლობაში ასიათასობით ტურისტი სტუმრობს. შემოდგომაზე ვიზიტორებს უნიკალური ღვინო იზიდავს, ზაფხულში – შუა საუკუნეების ქუჩები , გაზაფხულზე კი – აყვავებული ბაღები. განსაკუთრებული პოპულარობით კი სოფლის საშობაო ბაზრობა სარგებლობს. ყოველწლიურად რიკვირს დაახლოებით 450 000 ტურისტი სტუმრობს.
ტურისტების მზარდი ნაკადის გამო სოფლის მერმა, დანიელ კლაკმა, „სიჩუმის ქუჩის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა არ აქვს, ქუჩაზე განთავსდა სპეციალური აბრები და კედლებზე გაკეთდა წარწერები, რომლებიც სტუმრებს სთხოვს, შეინარჩუნონ სიჩუმე და პატივი სცენ ადგილობრივების სიმშვიდეს.

ახალ სივრცეში დამატებით დამონტაჟდა სკამები და მაგიდები, სადაც როგორც ადგილობრივებს, ისე სტუმრებს შეუძლიათ მშვიდ გარემოში დასვენება და საუბარი.
რიკვირმა მასობრივი ტურიზმის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად სხვა ნაბიჯებიც გადადგა. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა შეწყვიტა საშობაო ბაზრობის აქტიური რეკლამირება და შეცვალა სოფელში სატრანსპორტო მოძრაობის სქემა, რათა ქუჩებში ავტომობილების რაოდენობა შემცირდეს.