LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ქალაქი ანსი საშობაოდ ზღაპარს ემსგავსება

31

არავინ დავობს, რომ შობას ყველაზე ლამაზად ევროპაში აღნიშნავენ, სადღესასწაულო სამზადისი კი, ჯადოსნური ზღაპრის ნამდვილ დეკორაციას ემსგავსება. გთავაზობთ ფრანგულ ანსიში, ზემო სავოიის დედაქალაქში მოგზაურობას და ადგილობრივ საშობაო ბაზრობაზე გასეირნებას.

ანსის ხშირად ალპურ ვენეციასაც ეძახიან, რადგან შუასაუკუნეების პატარა ქალაქი იტალიელი მეზობელივით მრავალრიცხოვან არხებზეა გაშენებული. საშობაო ბაზრობა ქალაქის უძველეს ნაწილში იმართება, სადაც გრძელ რიგში ჩამწკრივებულ დახლებსა და ჯიხურებში, სამახსოვრო სუვენირებთან ერთად, უგემრიელესი კერძების დაგემოვნებაც შეიძლება.

ბაზრობასათან ახლოს, პატარა მოედანზე ყოველ საღამოს ლაზერის შოუ იმართება და მერიის შენობაც ხან კარამელის ფერებით ირთვება, ხან პატარა ბავშვის აკვარელით ნახატს ემსგავსება.

ანსის ბაზრობამ სახელი თვითნაკეთი სათამაშოებით და პროვანსალური ტკბილეულით გაითქვა. ანგელოზების, ბუების და მარხილში შებმული ირმების ხის ფიგურები, მართლაც საუკეთესო საშობაო საჩუქარია. კექსი ფორთოხლით, თხილით და ლეღვით კი, ნებისმიერს შეუქმნის სადღესასწაულო განწყობას.

თუ გაგიმართლათ და ანსიში დეკემბრის დასაწყისში მოხვდით, აუცილებლად ესტუმრეთ ადგილობრივ ბაზარს, სადაც ნაძვის ხის სათამაშოებთან ერთად უამრავი წვრილმანი იყიდება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ადგილობრივი ფერმერების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს – უგემრიელეს ყველს და შებოლილ ძეხვს, აუცილებლად გასინჯეთ საშობაო პური დარიჩინით, ფორთოხლითა და შოკოლადით, რადგან მისი დაგემოვნების საშუალება წელიწადის სხვა დროს ნამდვილად არ გექნებათ.

ანსიში ფასტფუდიც განსხვავებულია, რადგან ბოსტნეულის რაგუ და  პალენტა სოსისით უზარმაზარ ტაფაზე მზადდება, ვაფლი და წაბლი ქუჩაში იწვება, გლიტვეინი კი, პირდაპირ ქვაბიდან ისხმევა. მიუხედავად სიცივისა, ქალაქის სტუმრებს მაინც კაფეების ტერასებზე ურჩევნიათ სადილის მოწყობა, სადაც ღვინოსაც სხვა გემო აქვს და ცხელ წვნიანსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები