საფრანგეთის ქალაქ მონპელიეს საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა უნიკალური ოპერაცია – პაციენტს, რომელიც 12 წელი უსინათლო იყო, საკუთარი კბილის წყალობით მხედველობა აღუდგინეს. ამის შესახებ RTL France წერს.
პაციენტი, სახელად დილანი, 12 წლის ასაკში ლაიელის სინდრომის გამო დაბრმავდა. ეს არის მძიმე დაავადება, რომელიც აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს და იწვევს ეპიდერმისის სწრაფად გამოყოფას, მათ შორის ბადურასა და რქოვანაში. ხშირად ეს მდგომარეობა წარმოიშობა მედიკამენტებზე – მაგალითად, ანტიბიოტიკებზე – ალერგიული რეაქციის შედეგად.
ექიმებმა 24 წლის დილანს კბილი ამოუღეს და შემდეგ ის თვალის ფოსოში ჩაუნერგეს. სწორედ ეს კბილი გახდა ახალი ოპტიკური ლინზის საყრდენი, რომელმაც მას კვლავ დაუბრუნა მხედველობა.
პროცედურას კერატოპროთეზირება ეწოდება. ამ დროს ამოღებული კბილი, რომლის გულიც ჩაღრმავებულია, საყრდენად გამოიყენება. შემდეგ მის შიგნით თავსდება 5 მილიმეტრზე ნაკლები დიამეტრის ოპტიკური ლინზა – სპეციალური ოფთალმოლოგიური ორგანული მინის ფრაგმენტი – რომელიც აღადგენს თვალის წინა ნაწილის გამჭვირვალობას, დაზიანებულს ლაიელის სინდრომის შედეგად.
ოპერაცია 8 საათს გაგრძელდა. ექიმების თქმით, „კბილოვანი“ პროთეზი სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად, თავდაპირველად, თვალქვეშ მოათავსეს, შემდეგ კი დააფიქსირეს. გარშემო მყოფი ქსოვილები დროთა განმავლობაში შეხორცდება და სრულად ინტეგრირდება თვალის ფოსოში.
სამედიცინო გუნდი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მხედველობა ოპერაციის შემდეგ სრულად აღდგება, მისი ხედვის კუთხე შეიზღუდება – 40–50 გრადუსამდე, მაშინ როცა ნორმა 110 გრადუსია.