საფრანგეთის შორეულ კუთხეებში თვითმომსახურების სამედიცინო ჯიხურების დამონტაჟება დაიწყეს. სიახლე პაციენტს საშუალებას აძლევს ექიმს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით დაუკავშირდეს. ჯიხურები განკუთვნილია მათთვის, ვინც სამედიცინო დაწესებულებებიდან მოშორებით მდებარე დასახლებებში ცხოვრობს, მაგრამ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა აქვს რაც სხვა ქალაქში ექიმთან ვიზიტს არ საჭიროებს.
მედ-ჯიხურები მოძრავ სამშენებლო კონტეინერებშია მოწყობილი. შიგნით არის სტეთოსკოპი და ტონომეტრი, რომლებსაც სტუმარი თავად იყენებს, მაგრამ ექიმისგან რეკომენდაციებს იღებს.
თვითმომსახურების ჯიხურების მხარდამჭერები ამბობენ, რომ სიახლე სიმპტომების შემჩნევის და მკურნალობის დაწყების დროს შეამცირებს და დაავადებების პრევენციას შეუწყობს ხელს.
თუმცა, ექიმები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ პაციენტის სრული დეტალური გამოკვლევა დისტანციური ფორმატით შეუძლებელია. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ თუ პაციენტი რამდენიმე ექიმთან გაივლის კონსულტაციას, ეს მკურნალობის გეგმას მთლიანად არევს.