ფრანგულმა სტარტაპმა შექმნა ხელისგულის ზომის მინიატიურული კვადროკოპტერი, რომელმაც ისტორიაში პირველად, დამოუკიდებლად აღმოაჩინა და ფრენის დროს გაანადგურა კოღო. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ერთი შეხედვით უჩვეულოდ გამოიყურება, მისი მთავარი მიზანი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადების – მალარიის გავრცელების შემცირებაა.
აპარატი მხოლოდ 40 გრამს იწონის და ხელისგულზე ეტევა. დეველოპერები მომავალში მისი მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავენ, რათა კოღოების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო გახდეს. სწორედ კოღოები ავრცელებენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა მალარია, დენგეს ცხელება და ზიკას ვირუსი.
ამჟამად მოწყობილობა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა, თუმცა მისი შემქმნელები მიიჩნევენ, რომ მომავალში ის შესაძლოა ქიმიური ინსექტიციდების ეკოლოგიური ალტერნატივა გახდეს.
კვადროკოპტერი კოღოების აღმოსაჩენად მხოლოდ კამერებს არ იყენებს. მოწყობილობა აღჭურვილია ულტრაბგერითი გადამცემით, რომელიც ავტომობილის პარკირების სენსორების მსგავსად მუშაობს – ის ულტრაბგერით ტალღებს აგზავნის და მფრინავი მწერებისგან არეკლილ სიგნალს იღებს.

გარდა ამისა, მინიატიურული მიკროფონები აფიქსირებენ ფრთების მოძრაობით გამოწვეულ ჰაერის უმცირეს ვიბრაციებს. სისტემა სწორედ ამ დამახასიათებელი სიხშირეების მიხედვით არჩევს კოღოებს სხვა მწერებისგან.
ამჟამად კვადროკოპტერის ფრენას და მონაცემების დამუშავებას სტაციონარული კომპიუტერი აკონტროლებს, თუმცა ინჟინრები გეგმავენ, რომ მომავალში ყველა სენსორი და გამოთვლითი სისტემა უშუალოდ დრონში განთავსდეს, რაც მას სრულად ავტონომიურს გახდის.

მკვლევრების თქმით, ტექნოლოგიას ჯერ კიდევ სჭირდება დახვეწა. საჭიროა აკუმულატორის მუშაობის დროის გაზრდა, საბორტო კომპიუტერის წარმადობის გაუმჯობესება და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც რამდენიმე დრონის ერთდროულად მუშაობისას ერთმანეთთან შეჯახებას თავიდან აიცილებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მალარია ყოველწლიურად 600 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, მათ შორის განსაკუთრებით მაღალია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა. სწორედ ამიტომ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ასეთი ტექნოლოგიები მომავალში ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.