სან-მარინო ევროპაში ყველაზე ნაკლებად პოპულარული ქვეყანაა. მსოფლიოში ყველაზე მეტ ტურისტს რომ ევროპა იზიდავს, ეს სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მხოლოდ გასულ წელს კონტინენტს 616 მილიონი ვიზიტორი ეწვია და არჩევანის გაკეთება მათ მილიონობით დანიშნულებას შორის უწევდათ. 2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი ადგილი საფრანგეთი გახდა, როგორც ჩანს, ქვეყანამ ყველაზე მეტი ადამიანი დააინტერესა. ხოლო, რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად ნახვად ქვეყანას, სიის ბოლოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატარა სახელმწიფო სან-მარინო მოექცა. არადა, ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც 61 კვ.კმ-ს მოიცავს, მნახველს მართლაც ბევრ რამეს სთავაზობს. ისტორია, ულამაზესი ხედები, სამზარეულო, არქიტექტურა თუ შოპინგი – მხოლოდ ნაწილია იმ მიზეზების, რომლის გამოც ეს პატარა საოცრება ყველა ტურისტმა უნდა ნახოს.