თუკი მოგზაურობა გიყვართ და თან სოლიდურ ხელფასზეც არ იტყოდით უარს, მაშინ კომპანია World Life Experience-ის ახალი ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა.
ორგანიზაცია ეძებს 12 ადამიანს, რომელთა მთვარი მოვალეობაც მსოფლიოს მოვლა იქნება და მათ ამისთვის თვეში 2,5 ათას ევროს გადაუხდიან. კომპანიას 6 მამაკაცისა და 6 ქალბატონისგან შემდგარი გუნდის შეკრება სურს და კანდიდატთა ასაკი 20-დან 35 წლამდე უნდა იყოს.
დასაქმებული მოგზაურები ერთი წლის განმავლობაში ევროპის, აზიისა და აფრიკის 40-მდე ქვეყანას მოივლიან. პირველ რიგში კი ისინი ესპანეთს, პორტუგალიას, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ავსტრალიასა და მადაგასკარს ესტუმრებიან. მოგზაურობის განმავლობაში მათ ჩანაწერების გაკეთება, ფოტოების გადაღება და ვიდეობლოგების შექმნა მოუწევთ.
გარდა ამისა, ისინი ადგილობრივ სოციალურ ორგანიზაციებთანაც ითანამშრომლებენ და საქველმოქმედო აქციებსაც დაგეგმავენ. საოცნებო სამსახურის მიღების მსურველებს განაცხადის შევსება World Life Experience-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 30 ივნისამდე შეეძლებათ.