საქართველოს ნაკრებმა დღეს ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი შვეიცარიასთან გამართა და 91:84 გაიმარჯვა.
ილიას ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გამოიყვანა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია.
საერთოდ უნდა ითქვას და გულშემატკივრებს მოეხსენება, რომ ნაკრები გარკვეულწილად გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს, საქართველოს ჩემპიონატიდან 8 კალათბურთელია გამოძახებული და ისინიც ასე თუ ისე მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამის თქმის საშუალებას თუნდაც ზედიზედ ორი მატჩის მოგება იძლევა. მართალია, ამაში გამოცდილი კალათბურთელების წვლილი ლომისაა (თუნდაც შერმადინი პირველ მატჩში და ახლა მაკფადენი-შენგელია), მაგრამ რომ არა დებუიუტანტების კარგი გარჯა, შესაძლოა შედეგი სხვა ყოფილიყო.
სასიხარულოა, რომ რეზერვი ჩანს, ისინი ოფიციალურ თამაშებში იხვეწებიან და სკამის პრობლემაც ასე თუ ისე უნდა გადაიჭრას, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით შეიკრიბება.
ამასთან, სასიხარულოა, ჩვენების გულიანი მიდგომა საქმისადმი. ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულები ვართ (როგორც მასპინძელი), თუმცა ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯებიან ბიჭები, მწვრთნელსაც ეტყობა მონდომება და მომთხოვნი რომ არის და ეს უთუოდ მისასალმებელია. სწორედ ასეთ დროს ვლინდება ხასიათი და იმატებს გამოცდილება.
საქართველოის ნაკრები კვლავ საკმაოდ შედეგიანია. ჩვენები 90 ქულას აღწევენ. არის ხოლმე გარკვეული ხარვეზები დაცვაში, ზოგჯერ შეტევაშიც, მაგრამ მთლიანობაში მაინც ქებას იმსახურებს გუნდი.
თამაში ჩვენი უპორატესობით დაიწყო, მერე მეტოქე წამოგვეწია (პირველი მეოთხედი 27:24), მაგრამ დიდ შესვენებამდე მაინც 56:49-ით გავედით წინ.
მერე შვეიცარია ჯარიმებით დაიტვირთა, კლასში სხვაობაც გამოჩნდა და გუნდური ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ 11 ქულით გავედით წინ – 65:54.
მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უკეთესმა იმარჯვა.
არადა, შვეიცარია ხელამოსაკრავი გუნდი სულაც არ არის. რამდენიმე დღის წინ დაძაბულ ბრძოლაში სერბეთი დაამარცხა 92:90. თუ გახსოვთ, შვეიცარიის დამარცხება ჩვენს საკმაოდ გაგვიჭირდა თბილისურ შეხვედრაში და ოვერტაიმიც კი დაგვიჭრდა.
შვეიცარია – საქართველო 84:91
საქართველო: მაკფადენი (24ქ, 6პ), ბოქოლიშვილი (3ქ), კორსანტია (9ქ), შენგელია (17ქ, 6მ, 5პ), შერმადინი (11ქ, 8მ, 3პ), ფევაძე (8ქ, 7მ), ბაქრაძე (12ქ), ბექაური (6ქ), ლონდარიძე (1ქ), ლობჯანიძე, ზაქრაძე.
პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ე.წ. “ბაბლის” პრინციპით იმართება, რომელსაც ფინეთი მასპინძლობს და სადაც E ჯგუფის ოთხივე მონაწილეა (საქართველო, სერბეთი, ფინეთი, შვეიცარია) შეკრებილი.
გუშინწინ საქართველომ მასპინძლებს მოუგო (91:85), შვეიცარიამ კი მპულოდნელად სერბეთი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გარანტირებული აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო 4-დან 4 მოგებით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
ფინეთისა და სერბეთის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი დღეს, ოდნავ მოგვიანებით გაიმართება.