საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წაუგებლად ითამაშა ერთა თასზე, ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრაში შთამბეჭდავი ანგარიშით დაამარცხა მთავარი მოწინააღმდეგე რუმინეთის ნაკრები და უკვე ამ ძლიერ გუნდსაც სულ უფრო და უფრო შორდება. საქართველო ყოველ წუთს ამტკიცებს, რომ უბრალოდ ცოდოა რაგბი ევროპისთვის და მას უფრო დიდ ასპარეზზე შეუძლია და სჭირდება ძალების გამოცდა. არავინ ამბობს, რომ ჩვენი მორაგბეები უკვე დღესვე თანასწორად დაუდგებიან ბრიტანელებს, მაგრამ ასეთი დრომოჭმული კონსერვატიული კარჩაკეტილობა თავად ევროპულ რაგბსაც არ უქადის საუკეთესო მომავალს. ამის შესახებ აქა-იქ უცხოურ პრესაშიც წერენ, თუმცა ჯერ კიდევ მძლავრია საპირისპირო მოსაზრება, რომ 6 ერი 6 ერისაა და იქ უცხოებს არაფერი ესაქმებათ. არადა, რაგბიში ფეხბურთის მსაგავსად სპორტული პრინციპი რომ მოქმედებდეს, ვინ იცის, იქნებ ახლა იქ იტალიის ნაცვლად საქართველო ყოფილიყო (შეგახსენებთ, ჩვენ მე-12 ადგილზე ვართ მსოფლიო რეიტინგში, იტალია მე-14-ზე). მით უმეტეს, თუ იტალიელთა ბოლოდროინდელ თამაშს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ამ გუნდს სულ უფრო უჭირს ეჭიდავოს ევრობობოლებს.
რა მოხდება იტალიას თუ საქართველოთი ჩავანაცვლებთ?! ასეთი შეკითხვა დასვა პოპულარული ფრანგული სარაგბო ვებ-გვერდის “რაგბი-რამას“ ჟურნალისტმა და სტატისტიკურ ჭრილში საქართველოს და იტალიის ნაკრებების შედარება გააკეთა.
“იტალიელები ძალიან შორს არიან ექვსი ერის მონაწილე ხუთი ქვეყნისგან. ქართველებიც ძალიან შორს არიან რაგბი ევროპის გათამაშების ხუთი ქვეყნისგან და რა მოხდება ერთი რკენა რომ დავამატოთ ამ ყველაფერს?“.
ფრანგი ჟურნალისტი თავის მოსაზრებას ციფრებით ამყარებს:
“17 ტურნირიდან, რომელიც იტალიელებმა ითამაშეს 11-ში ბოლო ადგილზე გავიდნენ, 4-ჯერ მეხუთეზე და 2-ჯერ მეოთხეზე. იტალიელებმა ამ დროში მხოლოდ 12 მატჩი მოიგეს. კასტროჯოვანი საერთოდ 6 ერის რეკორდის ავტორია – 52 მატჩი წააგო ნათამაშევი 60-დან, სერჯიო პარისეც არაა შორს, 45 მატჩში დამარცხდა 55 შეხვედრიდან. ბოლო გათამაშებაში კი იტალიის ნაკრებმა 224 ქულა და 29 ლელო მიიღო“.
ჟურნალისტი აგრძელებს:
“საქართველო ძალიან სწრაფად პროგრესირებს, რაც მსოფლიოს თასზეც კარგად ვნახეთ. ერთა თასზე საერთოდ უშეცდომოდ იასპარეზეს – 10-დან 10 თამაში მოიგეს. რეიტინგში იტალიელებსაც უსწრებენ, საქართველო მე-12, ხოლო იტალია მე-14. რატომ არ უნდა ჩავატაროთ ამ ორ ქვეყანას შორის გადათამაშება? პარისე ამ შეკითხვაზე გვპასუხობს, რომ ექვს ერში თამაშს მათ გარდა სხვა არც ერთი ქვეყანა არ იმსახურებს, რაზეც ვერაფრით ვერ დავეთანხმებით“.