LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ იტალიასთან წააგო: იმედად ჩელენჯ ტროფი დარჩა

54

ხელბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო იტალიასთან, 25:28 და ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველობის შანსი დაკარგა. ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად ახლა მეორე შესაძლებლობა გვექნება – 2017 წლის ჩელენჯ ტროფიზე წარმატებით გამოსვლა.
საქართველოს ნაკრებს 2013-15 წლებში ზედიზედ 5 ოფიციალური მატჩი ჰქონდა ჰქონდა მოგებული საკუთარ მოედანზე, მაგრამ ამ სერიის იტალიასთან გაგრძელება ვერ მოახერხა. სირაკუზაში წაგებული თამაშის შემდეგ დაგვემატნენ მსხვილიძე და დათუკაშვილი, საუკეთესოდ ითამაშა ირაკლი ჩიქოვანმა, რომლის 16 დარტყმიდან თერთმეტმა მიზანს მიაღწია, მაგრამ იტალია უფრო დაბალანსებული და თანაბარი გუნდი გამოდგა და ბოლოში მაინც გაგვტეხა.

იტალიასაც ჰყავდა ლიდერები, ტურკოვიჩი და რადოვჩიჩი, მაგრამ მათი მონაგარი ბევრად უფრო თანაბრად გადანაწილდა – სტუმრებმა ყველა პოზიციიდან გაგვიტანეს რამდენიმე გოლი: ორივე კუთხიდან, 6 და 9 მეტრიდან, სწრაფი გარღვევებიდან, საქართველოს ნაკრები კი ზედმეტად აღმოჩნდა დამოკიდებული ორ ლიდერზე, მსხვილიძესა და ჩიქოვანზე, და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ორივე დაიღალა.

იტალია 3 ბურთით გვიგებდა პირველ ტაიმში, მაგრამ თამაშის ნახევარი 13-13 მორჩა, მეორეში კი რამდენჯერმე ერთი ბურთითაც დავწინაურდით. გადამწყვეტი გამოდგა 51-54 წუთები, როდესაც გარემარბმა კარლო სპერტიმ ზედიზედ ორი გოლი შეგვიგდო, შემდეგ კი დეან ტურკოვიჩმა შვიდმეტრიანი გაიტანა. 22-25 და ამ სიტუაციიდან ვეღარ გამოვედით.

ჯგუფში მომდევნო მატჩები იანვარშია: ჯერ საქართველო და ლუქსემბურგი ითამაშებენ ორჯერ, შემდეგ კი – ლუქსემბურგი და იტალია.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი
3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო
6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე, 1500 მაყურებელი
საქართველო-იტალია 25:28
საქართველო: თევზაძე (ტორონჯაძე, ცინცაძე) – ჩიქოვანი 11, მსხვილიძე 6, გრიშიკაშვილი 2, ორჯონიკიძე 2, წითელიშვილი 1, ჭანტურია 1, დათუკაშვილი 1, რუსტამოვი 1, აბრამიშვილი (სიმონია, გვაზავა, დიხამინჯია)
მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.
დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.

ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.

ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.

 

xel2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები