საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა მეორე მატჩი გამართეს და დამაჯერებლად მოიგეს.
ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ბორჯღალოსნებს პორტუგალიამ უმასპინძლა. შეხვედრა ბორჯღალოსანთა ბონუს ქულით გამარჯვებით ანგარიშით 29:3 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი, განსაკუთრებით საწყისი ფაზა ძირითადად სტატიკაში მიმდინარეობდა და თამაშს ტემპი აკლდა. ამის მიზეზიც მხოლოდ წვიმა და ქარიანი ამინდი არ ყოფილა, ბევრი შეცდომა დავუშვით, რასაც მალევე ქუბრიაშვილის სინ ბინი მოჰყვა და გუნდი 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. მაგრამ შერკინებაში ჩვენმა ბიჭებმა მაინც მოახერხეს მეტოქის დაჯაბვნა და პირველივე ჯარიმაც მოვიპოვეთ. მე-19 წუთზე კვირიკაშვილმა გუნდს 3 ქულა მოუტანა 3:0.
მალევე პორტუგალიელებს ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიეცათ და ფრთის მოთამაშე ნუნუ სოუზა-გედეშმა ლობუშის ანგარიში გახსნა 3:3.
31:34-ზე შერკინებაში რამდენიმე ჯარიმისა და მსაჯის გაფრთხილების შემდეგ მასპინძელთა ბურჯი ბრუნო როშა გაუშვეს სინ ბინში. მალევე მატჩში ბორჯალოსნების პირველი ლელოც ვიხილეთ. დერეფანში მოგებული ბურთის შემდეგ აგორებული მოლით ჩვენმა ფორვარდებმა მეტოქის ნახევარზე ბურთი შეიტანეს. ლელოში ბურთი გიორგი თხილაიშვილმა დაამიწა. თუმცა კვირიკაშვილის გარდასახვას ძლიერმა ქარმა შეუშალა ხელი და ბურთმა კარში ვერ შეაღწია – 3:8.
მორიგმა ლელომაც არ დააყოვნა. ბორჯღალოსნების ლამაზი კომბინაციით შესრულებული გადაცემა და ლობჟანიძის ეფექტური პასი კვირიკაშვილმა ლელოთი დაასრულა, გარდასახვაც მოაყოლა და პირველი ტაიმი ანგარიშით 3:15 დასრულდა.
მეორე ნახევარი ბორჯღალოსნებმა კარგი შეტევით დაიწყეს და ტაიმის მეორე წუთზევე ზურაბ ჟვანიას ლელოთი დააგვირგვინეს. ხაზი გიორგი თხილაიშვილმა გაჭრა და მეტოქის 22-მდე ირბინა. ამის შემდეგ ლობჟანიძემ დარტყმებზე შერკინება ათამაშა და შეტევა თანდათან მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა. ბოლოს თითქოს ნემსაძე ლელოს მიუახლოვდა, მაგრამ შებოჭეს. ამის შემდეგ რაქიდან ლელოში უკვე ზურაბ ჟვანია შევარდა და დაამიწა. კვირიკაშვილის გარდასახვა ამჯერად ქარის მიმართულებით განხორციელდა და ანგარიში 3:22 გახდა.
მორიგი 20 წუთი კვლავ ჩვენების იერიშით გაგრძელდა და 26-ე წუთზე პორტუგალიელებმა საკუთარი ლელოს დაცვა ვეღარ მოახერხეს. მარცხენა ფრთაზე გაჭრა სანდრო თოდუამ, ორი მეტოქე მოიშორა და შემდეგ ოფლოუდით ბუკა შარიქაძეს გაატანა ბურთი, რომელმაც ბრძოლით ლელოში დაამიწა, რასაც გარდასახვა მოყვა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა – 3:29.
თამაშის ბოლო წუთებში პორტუგალიელებმა რამდენჯერმე კარგი იერიში განახორციელეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს და მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით (ბონუსით) დასრულდა.
რაც შეეხება მეორე ტურში გამართულ სხვა მატჩებს, რუმინეთმა სტუმრად ესპანეთს დაძაბულ ბრძოლაში 21:18 მოუგო, რუსეთმა კი გერმანიას სძლია – 46:20. ამრიგად, “ბორჯღალოსნები”, რომლებსაც მაქსიმალური – 10 ქულა აქვთ, რჩებიან ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილის სათავეში. 9-9 ქულა აქვთ რუსეთსა და რუმინეთს.
ტურნირზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს თბილისში, ვაკის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური.