LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ზელანდიას ლელო დაუდო და ისე წააგო

46

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოსა და ახალი ზელანდიის ნაკრებების შეხვედრა, რომელიც კარდიფში, გადაჭედილ სახელგანთქმულ “მილენიუმზე” გაიმართა.

მატჩი ფავორიტის, ახალი ზელანდიის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით 43:10 დასრულდა. მარცხის მიუხედავად, ქართველებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და ჯერაც მსოფლიოს პირველ გუნდს ლელო დაუდეს. ბუნებრივია ჩვენებს ძირითადად დაცვაში თამაში და მეტოქის შეტევების მოგერიება უწევდათ, რასაც თუ მოწინააღმდეგის სიძლიერეს გავითვალისწინებთ ასე თუ ისე თავი გაართვეს.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა წინა ორი მატჩის შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა, “ოლ ბლექსი” კი “ბორჯღალოსნების” წინაშე უძლიერესი რაზმით დადგა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მატჩის წინ ამბობდა: “ორი ჰიმნიდან, რომელიც მატჩის წინ აჟღერდება, ჩემი საქართველოს ჰიმნია”.

თამაშის დაწყებამდე “ოლ ბლექსმა” ტრადიციული ჰაკა შეასრულა, რაც როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი სანახავი იყო.

მატჩის პირველი ტაიმი 22:10 დასრულდა ზელანდიელთა სასარგებლოდ. მათ 4 ლელოს დადება მოახერხეს და ეს ტაიმის პირველსავე ნახევარში მოახერხეს. მათ შეტევები გაშალეს და ბურთის ფლობაში საგრძნობი უპირატესობა ქონდათ, ჩვენებს კი ძირითადად მეტოქის შეტევის მოგერიება უწევდათ, რაც ასე თუ ისე მოახერხეს და ტაიმი პრინციპში მისაღები ანგარიშით დამთავრდა. მისაღები კი არა, დიდებული ეპიზოდი დადგა უკვე მე-5 წუთზე, როდესაც ბორჯღალოსნებმა ისტორიული ლელო დადეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან (ამ ეპიზოდის ნახვა აქვე მოყვანილ ვიდეოში შეგიძლიათ). ეს ბექა წიკლაურმა მოახერხა, რომელიც მალაღურაძემ გარდასახა. ქართველებმა ამ შვიდ ქულას ერთი ჯარიმაც მიუმატეს და 10 ქულა მოუყარეს თავი.

მეორე ტაიმი კიდევ უკეთ ვითამაშეთ, არადა საინტერესო იყო რამდენად გაძლებდნენ ჩვენები, მით უმეტეს, რომ გვქონდა არგენტინასთან წინა მატჩის მწარე გამოცდილება, როდესაც მეორე ნახევარი პირწმინდად დავთმეთ. ბორჯღალოსნების სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის მიწურულამდე ლამის თანაბრად ებრძოდნენ უძლიერეს მეტოქეს და შავებს მხოლოდ ერთი ლელო ქონდათ დადებული, თუმცა სამწუხაროდ 6 წუთით ადრე ჩვენი დაცვა ცოტა მოირღვა და ჯერ საიამ თავისი მესამე ლელო დადო და მერე სამ წუთში ოლ ბლექსმა მატჩში მეექსვე ლელოც დიდი წინააღმდეგობის გარეშე დაგვიდო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 43:10.

საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ ქართველებმა ღირსეული ბრძოლა გაუმართეს მრისხანე მეტოქეს და ბიჭები მხოლოდ ტაშის და შექების ღირსი არიან.

და კიდევ:
ბორჯღალოსნებმა მატჩში 93 ბოჭვა გააკეთეს. მბოჭავების ტოპ 5-ეულში ხუთივე ქართველია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი… მამუკა გორგოძე დაასახელეს.

მიუხედავად შედეგისა, ქართველთა შეხვედრა პლანეტის უძლიერეს გუნდთან უთუოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და ის აუცილებლად დადებით შედეგს გამოიღებს ქართული რაგბისთვის.
“ბორჯღალოსნებს” წლევანდელ მსოფლიო თასზე ერთი მატჩი დარჩათ, ნამიბიასთან, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს მატჩი ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს ექსეთერში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გამარჯვების შემთხვევაში ჯერ ერთი პირველად მოხდება, რომ საქართველო მსოფლიო თასზე ორ მატჩს მოიგებს და მეორეც, ეს გამარჯვება საშუალებას მისცემს საქართველოს მომდევნო მსოფლიო თასზე შესარჩევი ეტაპის გარეშე მოხვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები