საერთაშორისო საინჟინრო კომპანიამ Institute IGH ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზისა და გვირაბის პროექტის სამუშაო ვერსია საავტომობილო გზების დეპარტამეტს უკვე ჩააბარა.
კომპანიის ინფორმაციით, მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით საბოლოო პროექტი დამკვეთს მაისის ბოლომდე ჩაბარდება. ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ლენტეხი-ცაგერისა და ზუგდიდი-მესტიის უკვე არსებულ საავტომობილო გზებს, რაც იმას ნიშნავს რომ ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა სამ საათში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე მანძილი 105 კილომეტრით, მგზავრობის დრო კი 2,5 საათით შემცირდება.
„პროექტის მიხედვით, ლენტეხი-მესტიის ახალი 47,7 კმ-იანი საავტომობილო გზის საფარი ასფალტი/ბეტონი იქნება, დაგეგმილია 15 ახალი ხიდის, 27,7 კმ სიგრძის ახალი გზისა და საქართველოში სიგრძით ყველაზე გრძელი, 9,03 კმ-ის სიგრძის, საავტობომილო გვირაბის მშენებლობა, ხოლო ლეშგუანიდან მესტიამდე არსებული 11 კმ-იანი გზის მონაკვეთის პარამეტრების გაუმჯობესება. ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის პროექტის გარდა, Institute IGH მუშაობს ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნისა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტობომილო გზების პროექტირებაზე.აღსანიშნავია, რომ სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზის პროექტირება მიმდინარეობს ეტაპობრივად და შესაბამისად, ეტაპობრივად ხდება გარემოზე ზემოქმედებისა და კანონით განსაზღვრული სხვა კვლევებისა და ანგარიშების მომზადება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე ( გზშ), რომელიც ჯუთა-როშკის არსებული 3,9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ეხებოდა გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნები Institute IGH-მ გასულ კვირას მიიღო. აღნიშნული მონაკვეთის გზშ-ს ანგარიში სამინისტროში წარდგენილი იყო წინასწარი განხილვის მიზნით. ჩატარებული დამატებითი კვლევების საფუძველზე, ამჟამად მიმდინარეობს გზშ-ს საბოლოო ანგარიშის მომზადება, სადაც ასახული იქნება სამინისტროს შენიშვნები“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება თავად კომპანიას, ხორვატიული კომპანია Institute IGH 1949 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობების პროექტირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას, პროექტების მართვას, კვლევებს, საკონსულტაციო მომსახურებას, სამშენებლო მასალების ლაბორატორიულ ტესტირებას, სტანდარტიზაციას. კომპანიის მიერ დაპროექტებულია 800 ხიდი, 80 კმ საერთო სიგრძის გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი გვირაბი ხორვატიაში. Institute IGH-ის მიერ დაპროექტებული გვირაბები აღიარებულია როგორც ყველაზე უსაფრთხო ევროპაში (2008 და 2009 წლები).