LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარკოიდოზი

165
სარკოიდოზი

სარკოიდოზი სისტემური დაავადებაა, რომელსაც სხვადასხვა ორგანოში მიმდინარე ანთებითი პროცესების შედეგად ამ ორგანოებში ანთებითი უჯრედების გამრავლება ახასიათებს. სარკოიდოზს საფუძვლად უდევს გენეტიკური, ეკოლოგიური, ინფექციური და იმუნოლოგიური ფაქტორები. გრანულომების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვირუსები, სოკოები, პარაზიტები, ქიმიური ნაერთები, მცენარეთა მტვერი, მძიმე მეტალების ნაერთები. განასხვავებენ სარკოიდოზის მიმდინარეობის სამ სტადიას:

I სტადია – მკერდის ლიმფური კვანძების გადიდება;

II სტადია – ფილტვების დაზიანება 

III სტადია – ფილტვებში დიფუზური შემაერთებელი ქსოვილის განვითარება – ფილტვების ფიბროზი.

აქტიურ ფაზაში დაავადება ვლინდება ანთებითი პროცესებისთვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნებით ცხელება, საერთო სისუსტე და სხვა. სარკოიდოზი აზიანებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს, ყველაზე ხშირად – ფილტვებს, ლიმფურ კვანძებს, თვალებსა და კანს. სარკოიდოზის ყველაზე ტიპობრივი ნიშანია მკერდის ლიმფური კვანძებისა და ფილტვების დაზიანება. შესაძლოა, უმნიშვნელოდ გადიდდეს პერიფერიული ლიმფური კვანძები. ზოგიერთ ავადმყოფს ამ სიმპტომების პარალელურად უვითარდება კვანძოვანი ერითემა. სარკოიდოზი, გარდა მკერდისა, ზოგჯერ სხვა ლიმფურ კვანძებსაც მოიცავს, რაც მათი გადიდებით გამოიხატება. როდესაც დაავადების სურათი სრულია, ექიმი ატარებს გამოკვლევებს, რათა გამორიცხოს ყველა სხვა დაავადება, რომელსაც მსგავსი ნიშნები ახასიათებს. ფილტვების სარკოიდოზის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუბერკულოზის გამორიცხვა. 

გარდა გულმკერდის რენტგენოგრაფიისა, სადიაგნოზოდ და დაავადების სტადიის დასადგენად საჭიროა სპირომეტრია, სისხლში კალციუმის შემცველობის განსაზღვრა, ბრონქოსკოპია და ფილტვის ქსოვილის მიკროსკოპიული შესწავლა. სხვა ორგანოების სარკოიდოზზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება ამ ორგანოების გამოკვლევა – ექოსკოპიური, რენტგენული, ლაბორატორიული. მკურნალობა ინიშნება დაავადების პროგრესირებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანების შემთხვევაში. გამოიყენება ჰორმონული პრეპარატები (გლუკოკორტიკოსტეროიდები). მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სურათის მიხედვით განსაზღვრავს. ხშირად სარკოიდოზი სავსებით იკურნება, იშვიათად კი ფილტვის დაზიანება საკმაოდ მძიმეა. ცალკეულ ორგანოთა დაზიანების შესაბამისად, სიმპტომურ მკურნალობასაც მიმართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები