LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი ძვირდება – რამდენით მეტს გადაიხდიან მძღოლები?

56

უახლოეს დღეებში, საწვავზე ფასების ტოტალური ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, შესაძლოა, ძირითადად, არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავი 5 თეთრით გაძვირდეს, ამის შესახებ ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატების ტენდენცია ფიქსირდება, ამიტომ თუ ვითარება არ შეიცვალა და „შავი ოქროს“ ღირებულება არ შემცირდა, ეს საქართველოში საწვავის ფასზეც აისახება.

„1 ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი არის 40 დოლარიან ნიშნულზე, რაც გასული წლის 20 დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენთან საწვავის ფასი ორ ფაქტორზეა  დამოკიდებული – ლარის კურსი და საერთაშორისო ფასები. ლართან დაკავშირებით ვითარება ოპტიმისტურია.  თუ საერთაშორისო ბაზარზე მოცემულობა არ შეიცვალა და ეს ფასები დარჩა, შეიძლება ერთი კვირის შემდეგ,  გარკვეულ კომპანიებს ფასების მატება მოუწიოს“ – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე არც იმას გამორიცხავს, რომ ლარის გამყარების შემთხვევაში, საწვავზე ფასები აღარ გაიზარდოს, ან მატება მხოლოდ არაბრენდირებულ ან ისეთ კომპანიებს შეეხოს, რომლებსაც პროდუქტი ძვირად აქვს ნაყიდი.

„ზოგადად ფასების როგორც მატება ან კლება არაბრენდნირებულ ქსელებზე უფრო სწრაფად აისახება, ამიტომ თუ საერთაშორისო ბაზარზე, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა, საქართველოში, პირველ ეტაპზე, არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები გაზრდიან ფასებს. თუმცა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში, ბენზინზე ფასებს, მასშტაბურად, ყველა კომპანია არ გაზრდის“ – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები