“თუ მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაცია არ შეიცვალა,
საქართველოში ფასების კლება გარდაუვალია”
ველოდოთ თუ არა ქართულ ბაზარზე საწვავის გაიაფებას? ეს კითხვა ლარის გამყარების ტენდენციის დღიდან გაჩნდა.
ბოლო კვირების განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით ახალ ნიშნულს ეძებს. ის 2.43–48–ის ფარგლებში მერყეობს. ამას თან ერთვის ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი სწრაფად ეცემა.
ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი 52,19 დოლარი/ბარელზეა. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა კი 49,28 დოლარი/ბარელზე შეადგინა.
ეს ორი ძირითადი ფაქტორია, რომელიც საწვავის ფასზე მოქმედებს. თუმცა, ქართულ ბაზარზე გაძვირებული ბენზინი ჯერჯერობით ტენდენციას არ ჰყვება, იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, გაძვირებული ნავთობი და დოლარი ქართველ მომხმარებლებს საკმაოდ სწრაფად ეხებათ.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბრენდირებულ გაზგასამართ სადგურზე პროდუქტის ფასმა რამდენიმე თეთრით დაიწია.
როგორც „ფორტუნასთან“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ბიზნესი ვითარების დასტაბილურებას ელოდება და თუ ასეთი პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა, ბენზინი საქართველოში აუცილებლად გაიაფდება.
„ნავთობი ჯერ რამდენიმე დღეა რაც უფასურდება. მართალია ლარი შედარებით გამყარდა, თუმცა ვიცით რომ ხშირად ასეთ გამყარებას, დიდი გაუფასურება მოსდევს ხოლმე. სწორედ ამიტომ, ბიზნესი ელოდება ვითარების დასტაბილურებას. აუცილებელია ეს კურსი შენარჩუნდეს, იმისთვის რომ საწვავი გაიაფდეს. თუ მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, ფასების კლება გარდაუვალია“, – განაცხადა ვანო
მთვრალაშვილმა.
მისივე თქმით, ფასების კლება თავად ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ინტერესებშიც შედის რადგან აქ საქმე გვაქვს კონკურენციასთან, მეტ გაყიდვებთან და კმაყოფილ მომხმარებელთან.
„რატომღაც მხოლოდ გაძვირებაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს. გაიაფება ხშირად არც შუქდება. თუ ბიზნესი იგრძნობს სტაბილურობას ისევე როგორც სხვა პროდუქტებზე, ფასები ბენზინზეც დაიწევს“, – განაცხადა მთვრალაშვილმა.
საწვავი საქართველოში არსებულ ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე აქციზის გაზრდის შემდეგ, საგრძნობლად გაძვირდა.
აქციზის ზრდასთან ერთად ფასების გაძვირებას ხელი შეუწყო დოლარის გაუფასურებამ და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ზრდამ.
საწვავის გაძვირება სულ ცოტა ხსნის წინ საქართველოს რამდენიმე ქალაქში ქუჩის აქციით გააპროტესტეს. მათ აქციზის გადასახადის დაწევა მოითხოვეს.
თამთა უთურგაშვილი