სეზონური აფექტური დაავადების სიმპტომები დეპრესიის სიმპტომებს ჰგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, სეზონთან კავშირი ახასიათებს – ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დროს იჩენს თავს და ერთსა და იმავე დროს ქრება. დაავადება მწვავდება შემდგომის მიწურულს ან ზამთრის დასაწყისში, როცა დღეები მოკლდება და კარგი ამინდი იშვიათდება. ადამიანი ამ დროს უხალისოდ, უენერგიოდ გრძნობს თავს, უსაფუძვლოდ შფოთავს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, გაღიზიანებულია, გამუდმებით ეძინება, ადვილად იღლება, ეტანება ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს და იმატებს წონას. სეზონური აფექტური დაავადება იშვიათად ზაფხულშიც მწვავდება. ამ ფორმას ზაფხულის დეპრესიას უწოდებენ. მისთვის, პირიქით, უძილობა, უმადობა, წონის კლება, შფოთვა და მოუსვენრობაა დამახასიათებელი.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც სეზონური აფექტური დაავადების ალბათობას ზრდის: ეს არის სქესი – სეზონური აფექტური დაავადებით ქალები მამაკაცებზე მეტად იტანჯებიან, რაც შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ქალებს, საზოგადოდ, დეპრესიისადმი უფრო ძლიერი მიდრეკილება ახასიათებთ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქალებთან ეს დიაგნოზი 4-ჯერ უფრო ხშირია. გეოგრაფიული მდებარეობა – იმ გეოგრაფიულ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს, სადაც ზამთრის დღეები უფრო მოკლეა, სეზონური დეპრესიის რისკიც უფრო მაღალი აქვთ. ოჯახური ანამნეზი – თუ ადამიანს ჰყავს ახლო ნათესავი რომელიმე ტიპის დეპრესიით, სავარაუდოდ, მასაც მაღალი ექნება სეზონური აფექტური დაავადების რისკი. პირადი ანამნეზი – თუ ადამიანს ანამნეზში დეპრესია ან ბიპოლარული აშლილობა აღენიშნება, შესაძლოა, სეზონურად სიმპტომები გაუმწვავდეს.

სეზონური აფექტური დაავადების დიაგნოსტიკისთვის აზუსტებენ სიმპტომების აღმოცენების დროს, აფასებენ მათ სიმძიმეს და ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენას, ითვალისწინებენ ძილისა და კვების რეჟიმის, აზროვნებისა და ქცევის ცვლილებებს, არკვევენ, ხომ არ ჰყავს პაციენტს დეპრესიის ან ბიპოლარული დაავადების მქონე ახლო ნათესავი, ემთხვევა თუ არა სიმპტომების აღმოცენება და გაქრობა წლის განსაზღვრულ პერიოდს. ვინაიდან დეპრესიის სხვა ტიპებსაც მსგავსი სიმპტომები ახასიათებს, სეზონური დეპრესიის დიაგნოსტიკას შესაძლოა გარკვეული ხანი დასჭირდეს. კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქოთერაპია, კერძოდ, კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, რომელიც განწყობისა და ქცევის შეცვლისკენაა მიმართული, შედეგიანია სეზონური აფექტური დაავადების დროს. როცა სიმპტომები განსაკუთრებით მძიმეა, ექიმი ანტიდეპრესანტებს გამოწერს, რომლებიც ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. გასათვალისწინებელია, რომ ანტიდეპრესანტების ეფექტის გამოვლენას ზოგჯერ რამდენიმე კვირა სჭირდება.