შვედეთის ვეტერინარულმა სამმართველომ მოსახლეობას უჩვეულო თხოვნით მიმართა – კოღოები არ მოკლან, არამედ დაიჭირონ და კვლევისთვის მათ გაუგზავნონ. UU.se-ს ინფორმაციით, ინიციატივა მიზნად ისახავს კოღოების გავრცელების არეალის რუკაზე გადატანას და მათთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებების რისკების შეფასებას. საქმე ისაა, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად კოღოებთან დაკავშირებული საფრთხეებიც მატულობს.
შვედეთში ბოლო წლებში კოღოების ახალი სახეობები დააფიქსირეს, მათ შორის – აზიური ვეფხვისებრი კოღო (Aedes albopictus), რომელიც ისეთი ტროპიკული დაავადებების გადამტანია, როგორიცაა – დენგეს ცხელება, ზიკას ვირუსი და ჩიკუნგუნია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ასეთი სახეობების გავრცელებას ჩრდილოეთისკენ, რაც ზრდის ეგზოტიკური დაავადებების აფეთქების რისკს.
მონაცემების შეგროვება სპეციალისტებს კოღოების გავრცელების არეალისთვის თვალის დევნებაში დაეხმარებათ. ასევე, ისინი შეძლებენ კონტროლქვეშ აიყვანონ სახეობები და შეიმუშაონ პრევენციული ზომები.
მეცნიერებმა მოსახლეობას სთხოვეს კოღოები მაქსიმალურად ფრთხილად დაიჭირონ — ისე, რომ არ გაჭყლიტონ. დაჭერის შემდეგ ნიმუში უნდა მოინიშნოს და გაიგზავნოს SVA-ს ლაბორატორიაში.
მოგვიანებით, თითოეულ მონაწილეს ჩაბარებული კოღოს შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდიან.