შვედეთის შემსრულებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ (STIM), რომელიც მუსიკალური უფლებებით არის დაკავებული, მსოფლიოში პირველად წამოიწყო ლიცენზირების სისტემა, რომელიც იცავს იმ მუსიკოსების საავტორო უფლებებს, რომელთა ნამუშევრებსაც ხელოვნური ინტელექტი იყენებს სწავლებისთვის და საკუთარი კომპოზიციების შესაქმნელად. სიახლის შესახებ Euro news წერს.
ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი არის მწერლების, მუსიკოსების, მხატვრებისა და არტისტების შემოსავლების შემცირება, რადგან მათი ნამუშევრები მასობრივად გამოიყენება. 2028 წლისთვის მუსიკოსების შემოსავლები შესაძლოა მეოთხედით შემცირდეს, ხელოვნურ ინტელექტთან არსებული კონკურენციის გამო.
STIM-ის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ავტორები მიიღებენ არა მხოლოდ ფიქსირებულ თანხას მათი მუსიკის გამოყენებისთვის, არამედ შემოსავლების ნაწილსაც იმ კომპოზიციებიდან, რომლებიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა მათი ნამუშევრების საფუძველზე. რაც უფრო მოთხოვნადი იქნება მუსიკა, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა მათი ნამუშევრების ბაზაზე, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებენ საავტორო უფლებების მფლობელები.
შვედეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებაში მიაჩნიათ, რომ ეს ლიცენზია იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება თანაბრად განვითარდეს როგორც უფლებების დაცვა, ასევე ინოვაციები. იგი მუსიკის ავტორებს უზრუნველყოფს სამართლიანი ანაზღაურებით, ხოლო ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ კომპანიებს – მკაფიო წესებით.
STIM-ში არ გამორიცხავენ, რომ მათი ინიციატივა სხვა ქვეყნებმაც გადაიღონ და დროთა განმავლობაში ის მსოფლიო სტანდარტად იქცეს.
აღსანიშნავია, რომ შვედეთი ითვლება ქვეყნად, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მუსიკოსია მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით.