LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჩქარის ლიმიტის შემცირებამ პარიზში გზები განტვირთა და ჰაერი უფრო სუფთა გახადა

109
სიჩქარის ლიმიტის შემცირებამ პარიზში გზები განტვირთა და ჰაერი უფრო სუფთა გახადა

პარიზის შემოვლით გზაზე (Boulevard Périphérique) სიჩქარის ლიმიტის 50 კმ/სთ-მდე შეზღუდვამ შეამცირა ჰაერის დაბინძურება, ხმაური და საცობები. წინა წლის ოქტომბრამდე ამ გზაზე მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ იყო.

მერის ოფისის მონაცემებით, ოქტომბრიდან ივნისამდე, შემოვლით გზაზე საცობებში გატარებული დრო საშუალოდ 14%-ით შემცირდა. დაბალ სიჩქარეზე (მაგალითად, 30–50 კმ/სთ ნაცვლად 80+) მძღოლები იშვიათად ასრულებენ მკვეთრ მანევრებს ან გადასწრებას, რადგან მანქანებს შორის დისტანცია მცირდება და ავარიის რისკი იზრდება. ეს ამცირებს ე.წ. ტალღურ ეფექტს – როდესაც ერთ მანქანას მოულოდნელად მოუწევს დამუხრუჭება და შედეგად ჩნდება ჯაჭვური რეაქცია. აგრესიული მანევრირება (მაგალითად, ზოლის სწრაფი შეცვლა) ერთ-ერთი მთავარი მიზეზია საცობების წარმოქმნის, ხოლო დაბალ სიჩქარეზე ეს ფიზიკურადაც უფრო რთული ხდება: ნაკლები სივრცეა გასასწრებად და აჩქარების გზაც მოკლეა.

დამოუკიდებელი ორგანიზაციის Airparif-ის მონაცემებით, რომელიც ჰაერის ხარისხს აკვირდება, შემოვლით გზასთან მდებარე უბნებში შემცირდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია – ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი ნივთიერება, რომელიც ძირითადად ტრანსპორტის გამონაბოლქვიდან მოდის. ხმაურის დონემ კი საშუალოდ 44%-ით იკლო.

პარიზის 35-კილომეტრიანი შემოვლითი გზა, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით 1,1 მილიონი ადამიანი იყენებს, 1973 წელს გაიხსნა. ამ გზის ორი მთავარი დამაბინძურებელი ფაქტორია ხმაური და მიკრონაწილაკების და აზოტის ოქსიდების გამონაბოლქვი, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ჰაერის ხარისხზე.

სიჩქარის ახალი რეჟიმი პარიზის 2024–2030 წლების კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გეგმის ნაწილია – მათ შორის გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლის შექმნაც.

სიჩქარის ლიმიტი უკვე ორჯერ შემცირდა: 1993 წელს 90-დან 80 კმ/სთ-მდე, ხოლო 2014-ში – 70 კმ/სთ-მდე.

ლიმიტის კიდევ ერთხელ შემცირების გადაწყვეტილება 2022 წელს მიიღეს, მას შემდეგ რაც ქალაქის დაგეგმარების სააგენტო APUR-მა გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი შემოვლითი გზის შესახებ – რომელშიც პოლიტიკოსები და მეზობელი რაიონების მცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ.

ამ სემინარებზე გამოთქმული რეკომენდაციები ყველა შემთხვევაში ერთნაირი იყო: შეამცირეთ სიჩქარე, გააჩერეთ ხმაური და შექმენით საერთო მგზავრობის ზოლი. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი პროექტის – Grand Paris Express-ის – გეგმები, რომელიც ქალაქის მეტროს ქსელის კიდევ 200 კილომეტრით გაფართოებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები