რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ბაჩო რამიშვილი სტუმრობდა. მომღერალმა შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „მიყვარხარ(Je t’aime)“ წარუდგინა.
ბაჩო, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
ჩემი შემოქმედების დინამიკა შევცვალე. არ მინდოდა, რომ იმ მიმართულებით მევლო სულ, რა მიმართულებითაც იცნობს მსმენელი ამ დროის განმავლობაში ჩემს შემოქმედებას. შეცვალეთ კომპოზიტორი, არანჟირების სტილი… ბევრი რამ შეიცვალა… ახალი სიმღერით უკვე მიხვდება ჩემი მსმენელი, რომ ცოტა სხვაგან წავედით.

ახლა რა მიმართულებით მიდიხარ?
კლასიკას დავუბრუნდი. ზოგადად, მე პოეზიასთან და კლასიკასთან ყოველთვის ახლოს ვიყავი. მერე, მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ჟანრში მომიწია სიმღერების კეთება, მაგრამ ახლა უკვე, ხშირად შეგხვდებათ ჩემს სიმღერებში ძალიან ბევრი როიალი, ძალიან ბევრი კლავიში…
რომელ კომპოზიტორთან დაიწყე მუშაობა, თანამშრომლობა?
ახლა, მაიკო კაჭკაჭიშვილთან ვმუშაობ, დავიწყეთ ახალი ალბომის შექმნა. რამდენიმე სიმღერა უკვე მზად არის.
როდის გამოვა ახალი ალბომი?
ალბომს ერთი წელი დასჭირდება, მაგრამ ეტაპობრივად დაიდება ახალ-ახალი სიმღერები.

წელს თუ ჩატარდება „მარტის გაცილება“?
ძალიან გვინდა, რომ წელს „მარტის გაცილება“ გავაკეთოთ, არ არის გვიანი, უბრალოდ, ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან ძალიან გადავერთეთ ვიდეორგოლზე, ძალიან ბევრი დრო დავუთმეთ ამ სიმღერას. პარიზში გვინდოდა ამ კლიპის გადაღება, მაგრამ ისე მოხდა, რომ არეულობებმა, მსოფლიო ცვლილებებმა შეგვაფერხა… დავრჩით საქართველოში და აქ გადავიღეთ კლიპი.
ვისაუბროთ შენს „იუთუბ“ არხზეც.
ბოლო პერიოდში, ცოტა „მოიყინა“, იცით?! ხელოვნურმა ინტელექტმა ქნა ეს ყველაფერი, რადგან სიმღერების უმრავლესობა, რაც კეთდება, ხელოვნური ინტელექტია, ბევრი ადამიანი ვერც არჩევს, რომ ხელოვნურ ინტელექტს უსმენს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი კრიზისი, ნებისმიერი მომღერლისაა. რა სტატისტიკებიც ჩვენ გვქონდა და რა რეიტინგებსაც ჩვენ ვდებდით გასული წლების განმავლობაში… ძალიან მზარდი მატება გვქონდა. ახლა, ჩვენს რეგიონში იმდენი ასეთი სიმღერა იდება, „იუთუბი“ ვეღარ აღიქვამს, რომელ სიმღერას უნდა მისცეს საშუალება. თითქმის ვერცერთი სიმღერა ვეღარ ხვდება ტრენდებში, უფრო მეტი ხელოვნური ინტელექტისაა, როცა გასულ წლებში ჩემი სიმღერებიც იყო თვეების განმავლობაში. დღეს, არტისტები კი არა, ხელოვნური ინტელექტი არის ტრენდებში.

შენ რამდენად მოგწონს ხელოვნური ინტელექტი?
მუსიკალურად საერთოდ არ მომწონს. რატომ ვწერ მუსიკას, ზოგადად, საზოგადოებამ რომ იცოდეს, მე რისი მოსმენაც მინდა და არ არის, იმას ვქმნი. მე იმას ვწერ, რისი წაკითხვაც მინდა. შესაბამისად, მე უნდა შევქმნა ის, რაც არ არის. ხელოვნურ ინტელექტს რომ შევუკვეთავ და მივიღებ რაღაც ფრაზებს, გრძნობა რომ არ არსებობს, ეს მე არაფერს მომცემს. ჩემი სიმღერები, მთელი ჩემი შემოქმედება ჩემი ცხოვრებაა და ხელოვნური ინტელექტი როგორ დაწერს ამას?!
ვისაუბროთ სიმღერაზე „მიყვარხარ (Je t’aime)“.
როცა ეს სიმღერა მოვისმინე, მელოდიური ხაზი, მერე, მომიწია ამ სიმღერის ჩემებურად გადაკეთება. კომპოზიტორს ვთხოვე და შეცვალე რაღაც საკითხები. რა თქმა უნდა, დავტოვე მელოდიური მთლიანობა, უბრალოდ, ლექსი, რომელიც ჩავრთე, არ იყო, ასევე, იდეაში, მისამღერი ქართული უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდენად ფრანგულ ჰანგებზე წამიყვანა, რომ ჩემი იდეა იყო, ფრანგულად მემღერა. ცოტა არ იყოს, შემეშინდა, რადგან ფრანგული ისე კარგად არ ვიცი, რომ ვიმღერო, მაგრამ იმდენად მთხოვდა სიმღერა, რომ ფრანგული მისამღერი ყოფილიყო, დავუკავშირდი ფრანგულის მცოდნეებს და ტექსტი გავაკეთებინე.

რაზეა სიმღერა?
სიმღერა მონატრებაზე, სიყვარულზე და ერთმანეთის გაფრთხილებაზეა, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია. ამ სიმღერას „მიყვარხარ“ იმიტომ დავარქვი, რომ ზოგადად, დღეს, ყველაზე მეტად სიყვარული აკლია მსოფლიოს. მინდა, რომ ბევრი – „მიყვარხარ“ იყოს.
ბაჩო რამიშვილი – მიყვარხარ (Je t’aime)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბაჩო რამიშვილი. “პრემიერა თაკოსთან”