LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონა და ნოვაკი: სპორტში ოსკარები დაარიგეს

Capturehkj

მონაკოში სპორტის მსოფლიო აკადემიის მიერ დაწესებული პრემიის Laureus-ის გადაცემის ცერემონია გაიმართა. 2018 წლის ლაურეატები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვეს. Laureus არაოფიციალურ „სპორტულ ოსკარსაც“ უწოდებენ.

2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა ამერიკელი სიმონა ბაილზი. მან სპორტული ტანვარჯიშის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. გარდა ამისა, ის ისტორიაში პირველი ტანმოვარჯიშე გახდა, ვისაც მრავალჭიდში ოთხჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი.
ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ: სიმონა ჰალეპი (რუმინეთი, ჩოგბურთი), ანჟელიკ კერბერი (გერმანია, ჩოგბურთი), ესტერ ლედეცკა (ჩეხეთი, სამთო თხილამურები/სნოუბორდი), დანიელა რიფი (შვეიცარია, ტრიატლონი), მიკაელა შიფრინი (აშშ, სამთო თხილამურები).

საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის პრიზი აიღო სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც 2018 წელს დიდი სლემის ორი ტურნირი (უიმბლდონი, აშშ-ის ღია) მოიგო, ორ მასტერსზე გაიმარჯვა და ნოემბერში რეიტინგის სათავეში დაბრუნდა.
ნომინაციაში სხვა კანდიდატები იყვნენ: ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, ფორმულა 1), ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი), ელიუდ კიპჩოგე (კენია, მარათონი), კილიან მბაპე (საფრანგეთი, ფეხბურთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, ფეხბურთი).

2018 წლის საუკეთესო გუნდი გახდა – საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, რომელმაც ამ ნომინაციაში აჯობა NBA-ს ჩემპიონ „გოლდენ სტეიტს“, გოლფში ევროპის ნაკრებს, „ფორმულა 1“-ის საჯინიბო „მერსედესს“, ნორვეგიის ოლიმპიურ ნაკრებსა და მადრიდის „რეალს“.

 

სხვა პრიზების მფლობელები გახდნენ:

წლის გარღვევა – ნაომი ოსაკა (იაპონია, ჩოგბურთი).

საუკეთესო პარალიმპიელი – ჰენრიეტა ფარკაშოვა (სლოვაკეთი, სამთო თხილამურები) – 2018 წლის პარალიმპიური თამაშების ოთხგზის გამარჯვებული.

განსაკუთრებული მიღწევა – ელიუდ კიპჩოგე (კენია, მარათონი) – დაამყარა მსოფლიოს რეკორდი 16 სექტემბერს, ბერლინის მარათონზე (2.01,39).

სპორტული მომენტი – სია ბაიუ (ჩინეთი) – 69 წლის ალპინისტმა, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ევერესტის დაპყრობა შეძლო.

სპორტული სული – ლინდსი ვონი (აშშ, სამთო თხილამურები) – ტრავმების შემდეგ დაბრუნდა, მოიგო ოლიმპიადის ბრინჯაო და მსოფლიოს თასის ოთხი ეტაპი.

საუკეთესო ექსტრემალი სპორტმენი – ქლოე კიმი (აშშ, სნოუბორდი).

წლის დაბრუნება – ტაიგერ ვუდსი (აშშ, გოლფი).

პრიზი დამსახურებებისთვის – არსენ ვენგერი (საფრანგეთი, ფეხბურთი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები