LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ბზეკალავა: „ასტროლოგია მკითხაობა არ არის…“

215

სოფია ბზეკალავასთან ჩვენს ინტერვიუს სასტუმრო „კოსტემ“ უმასპინძლა. ასტროლოგი ძალიან დაკავებულია პირადი კონსულტაციებით, მასთან ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი სტუმრობენ, რომელთათვისაც სოფიას რჩევები გამოსადეგი და მნიშვნელოვანია, პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის დაგეგმვაში. ჰყავს ცნობილი კლიენტებიც, რომელთა ვინაობას, რა თქმა უნდა, ასაიდუმლოებს.

სოფიას ნეირო-ლონგვისტური პროგრამირების სპეციალისტთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსების იდეა და სურვილი აქვს, სადაც ადამიანებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ.

ასტროლოგიის და მისი როლის შესახებ სოფიამ fortuna.ge-სთან ისაუბრა.

რატომ გახდა ამ ბოლო დროს ასტროლოგია მოდური საქართველოში?

სოფია ბზეკალავა:

ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორია – ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, მეტი გაიგონ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე, გაუჩნდათ ამბიცია, მეტს მიაღწიონ და ასტროლოგის მეშვეობით შეიძლება, საკუთარი ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეები ამოიცნო, შემდეგ კი ნაკლის გამოსწორებაზე და პოზიტიური მხარეების უფრო წინ წამოწევაზე იმუშაონ.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც უჭირთ და პრობლემები აქვთ. როცა ადამიანს უჭირს, მაშინ ახსენდება ეკლესია, ასტროლოგი თუ ფსიქოლოგი. ვსაუბრობ ხალხზე, რომლებიც ჩიხში არიან. ასტროლოგს შეუძლია, გამოსავალი გაპოვნინოთ, მაგრამ თუკი მასთან მიდიხართ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება დაალაგოს, არასწორი მიდგომაა. ვერც ერთი ასტროლოგი ვერ იცხოვრებს თქვენი ცხოვრებით. ასტროლოგი ხედავს, რატომ იწყება პრობლემები ადამიანების ცხოვრებაში, რადგან შეუძლია დაინახოს  მიზეზ-შედეგობრივ კავშირები. ის შესაძლებლობას გაძლევთ, შეიცვალოთ აღქმა პრობლემების მიმართ და იმუშაოთ მათ გამოსწორებაზე.

რეალურად ყველაფერს ადამიანის თავისუფალი ნება ცვლის. ერთსა და იმავე წრეზე ივლით, თუკი რაღაცის შეცვლის სურვილი არ გაქვთ. არ მინდა, ასტროლოგიას მცდარად შეხედონ, ეს არ არის პანაცეა, არც მკითხაობა. რამდენად სწორად დგამთ ნაბიჯებს მორალური კუთხით და რამდენად სწორ არჩევანს აკეთებთ, ეს განაპირობებს, რა მოგეცემათ ცხოვრებაში, რა მოვლენები განვითარდება. თუკი მუდამ ჩაქუჩით ხელში ივლით, არ გაგიკვირდეთ, რომ ყველგან ლურსმნები შეგხვდებათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანები ზარმაცები არიან და ეზარებათ საკუთარ თავზე მუშაობა…

რას ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობა?

როცა ადამიანის პირად ჰოროსკოპს ჩავხედავ, ვნახულობ, რა თვისებები აქვს დასამუშავებელი და რა ვერ გამოიმუშავა წინა ინკარნაციის დროს მისმა სულმა. ზოგი მშვენივრად ხვდება, რომ რაღაც ეშლება და ბალანსს ვერ იცავს. პირად ჰოროსკოპში არსებობს კარმული წერტილები, აღმავალი და დაღმავალი კვანძები. დაბადებისას, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ორ თასს გვაძლევენ ხელში, ერთი რაღაცით სავსეა, მეორე ცარიელი. შევსებული თასი ჩვენი დაგროვებული გამოცდილებაა, რომელზე დაყრდნობითაც ახალი თასი უნდა შევავსოთ. ანუ ვიბადებით კონკრეტული უნარებით, მაგრამ სავსე თასიდან ცარიელი თასის ავსების პროცესი მტკივნეულია, მუშაობა სჭირდება და არ არის ადვილი. ვიღაცის ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოვლინდეს პრობლემებით პარტნიორულ ურთიერთობებში, ან მშობლებთან ურთიერთობისას, კარიერასა თუ ჯანმრთელობაში. ასტროლოგი ეხმარება ადამიანს, გაიაზროს პრობლემები და არ თქვას, რომ ბედი შუბლზე აწერია, რადგან ეს ასე არ არის. მინახავს ძალიან რთული პირადი ჰოროსკოპები, მაგალითად, ლიონელ მესის, რომელიც ჰოროსკოპით აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი, მაგრამ მას ჰქონდა იმის ნება, რომ ყოფილიყო კარგად. ყველაფერს ეს განაპირობებს, როცა ამბობ „მინდა“, აბსოლუტურად ყველა კარი იღება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამით სხვებს არ აზიანებდე… ადამიანს რა განვითარების გზა აქვს და რა უშლის ხელს, ეს ჩანს პირად ჰოროსკოპში.

ბევრი ადამიანი კონკრეტული ზოდიაქოთი იბადება, მაგრამ არ ახასიათებს ამ ზოდიაქოს თვისებები…

სწორედ ამიტომ აქვს მნიშვნელობა პირადი ჰოროსკოპის გაკეთებას – ეს არის პლანეტების განლაგება იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი დაიბადა. იმიტომ ვართ ადამიანები განსხვავებულები, რომ იდენტური ჰოროსკოპები თითქმის არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ტყუპებსაც კი არ აქვთ ერთნაირი ჰოროსკოპები, მათი დაბადებისას რამდენიმეწუთიანი განსხვავების გამო. ეს არის ალგორითმი, რომელსაც ასტროლოგები ვთაგრმნით და პირადი ჰოროსკოპით ვნახულობთ, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე. პირადი ჰოროსკოპი ძალიან დიდ ინფორმაციას შეიცავს. მე, პირადად, ერთ დამკვეთთან, საათნახევარი-ორი საათის განმავლობაში მაქვს კონსულტაცია და ვეხებით ძირითად ნაწილს, პირადი, კარიერა, ჯანმრთელობა, შვილები, მშობლები… თუმცა ამის იქით არსებობს კიდევ უამრავი სფერო, რაზეც საუბარი შეიძლება. ასტროლოგია ამოუწურავი მეცნიერებაა, მეც უამრავ რამეს ვსწავლობ ყოველდღიურად. საკუთარი პირადი ჰოროსკოპი დეტალურად მაქვს შესწავლილი და სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიყენებ. ზუსტად ვიცი, რატომ მაქვს ესა თუ ის პრობლემა და ვცდილობ, აქედან გამორჩენა ვნახო (იღიმის). უპრობლემო ცხოვრება არავის აქვს და ვერც ჩვენ გვექნება. თავისი წილი ჯვარი ყველას აქვს სატარებელი, მაგრამ ასტროლოგიის საშუალებით ბევრ  რამეს გაგებით მოეკიდებით.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები