LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტაიანშჩიკების“ დახმარების სანაცვლოდ ფულის გადახდა ნებაყოფლობითია – კახა კალაძე

84

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლიდან ამოქმედდება პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ზონალურ პარკირებას, რაც კანონპროექტის სახით მომზადებული აქვს უკვე თბილისის მერიას და პარლამენტთან უკვე დაიწყება კონსულტაციები.

თუმცა, კალაძემ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებამდე, თბილისში პარკირების საკითხთან არსებულ პრობლემებზეც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო პირებს – ზოგ შემთხვევაში ე.წ. „სტაიანშჩიკებს“ და ზოგ შემთხვევაში საპარკინგე ადგილების მიმდებარედ არსებული კომერციული სივრცეების მეპატრონეებს ბლოკირებული აქვთ მუნიციპალური პარკინგის ადგილები და არ აძლევენ მოქალაქეებს ამ პარკინგებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობას.  ეს არის სრული განუკითხაობა და კანონის დარღვევა, რასაც მე პირადად არ დავუშვებ. ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევა, რომელზეც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ჯარიმა და აქვე მინდა ვუთხრა ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს, რომ აუცილებლად განახორციელოთ მკაცრი მონიტორინგი ყველა იმ ადგილას, სადაც ხელოვნურად არის ბლოკირებული მუნიციპალური პარკინგი, გამოწერეთ ჯარიმა და განახორციელეთ ყველა სხვა სამართლებრივი ქმედება, მათ შორის დემონტაჟი იმ საშუალებების, რომლითაც ბლოკირებულია საპარკინგე ადგილები,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის შეფასებით, ე.წ. „სტაიანშჩიკების“ დახმარების სანაცვლოდ ფულის გადახდა სრულებით ნებაყოფლობითია, მაგრამ არავის აქვს უფლება მუნიციპალურ პარკინგზე, რომლის საფასურსაც მოქალაქეები იხდიან, ვინმეს ავტომანქანის გაჩერება შეუზღუდოს ან დადგას ბარიკადი და მხოლოდ საკუთარი მანქანა გააჩეროს.

კახა კალაძის თქმით, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, განსაკუთრებით, ტურისტულ ზონებში ძალიან ხშირია  მუნიციპალურ პარკინგზე ისეთი სატრანსპორტო თუ სხვა მოძრავი საშუალებების განთავსების შემთხვევები, რომლებიც გამოყენებულია ეკონომიკური საქმიანობისთვის.

„ზოგ შემთხვევაში საქმე ეხება ვიზების გაცემას, ზოგ შემთხვევაში ტურისტულ მომსახურებას, სატრანსპორტო საშუალებების გაქირავებას და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალური პარკინგის გამოყენება ეკონომიკური საქმიანობისთვის აკრძალულია და ითვალისწინებს ჯარიმას. აქ არის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი, მამუკა კობახიძე და მინდა დავავალო მას, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რომელიც დღეს არის პარკირების ოპერატორი, გამოწეროს ჯარიმები თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. პარკირება არის მოქალაქეების სარგებლობისთვის შექმნილი საერთო სივრცე და არა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ადგილი. ჩვენ საკმარისად გვაქვს ასეთი სივრცეები და ეკონომიკური საქმიანობა ყველამ უნდა განვახორციელოთ იქ,“ – დასძინა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები