საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები და ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:
- თოვლის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
- გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გადაადგილების რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
- ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.