ავტოკონცერნი Stellantis-ი ევროპისთვის ახალი ბიუჯეტური ელექტრომობილების სერიის შექმნას გეგმავს. კომპანია აცხადებს, რომ პირველი მოდელები ბაზარზე 2028 წლიდან გამოჩნდება და მათი ფასი დაახლოებით 15 ათასი ევროდან დაიწყება.
პროექტი „E-Car“-ის სახელით ვითარდება. Stellantis-ის განმარტებით, ასო „E“ რამდენიმე მნიშვნელობას აერთიანებს – European, Emotion, Electric და Environmental friendliness. ახალი პატარა ელექტრომობილები ევროპაში, ევროპელი მომხმარებლებისთვის შეიქმნება.
წარმოება იტალიაში, ქალაქ პომილიანო დ’არკოს ქარხანაში დაიწყება. კომპანიაში ამბობენ, რომ მთავარი მიზანია ხელმისაწვდომი პატარა ავტომობილების სეგმენტის დაბრუნება, რომელიც ბოლო წლებში პრაქტიკულად გაქრა.
მედიის ინფორმაციით, ახალი მოდელები შეიძლება შთაგონებული იყოს ისეთი ლეგენდარული მანქანებით, როგორიცაა Fiat Panda და Citroën 2CV. ასევე განიხილება იაპონური „kei-car“-ების მსგავსი მცირე ზომის ურბანული ელექტრომობილების კონცეფცია.
Stellantis-მა ასევე დაადასტურა, რომ 2030 წლამდე 60 ახალ მოდელს წარადგენს და ელექტრო და ჰიბრიდულ ტექნოლოგიებში დაახლოებით 60 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს.