LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი

39

ტრადიციისამებრ, ყოველი სასწავლო წლის დასასრულს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აწყობს სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ამირანი“. წლევანდელი ფესტივალი, რომელიც 17 ივნისს გაიხსნება, ტარდება ეროვნული კინოცენტრის და ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებით. ასევე, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

სელექციის შედეგად ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 57 ფილმი, მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ხაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო.

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან:
სტანისლავ სემერჯიევი – სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი (ბულგარეთი), რომელიც მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გახლავთ და მისი პრეზენტაციით დაიწყება ფესტივალის პირველი სამუშაო დღე.
• რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 19 ივნისს ჩაატარებს 5 საათიან მასტერკლასს კინოწარმოებაზე.
ოზგურ სეიბანი – სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის წარმომადგენელი. 20 ივნისს გამართავს საფესტივალო შეხვედრას.
• საქართველოს კი „ამირანის“ ჟიურიში წარმოადგენს კინომცოდნე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირინა დემეტრაძე.

ფესტივალის ჰყავს საპატიო სტუმარი ისრაელიდან, იერუსალიმის კინოსკოლის რექტორი – რენენ შარრი, რომელიც ფესტივალის პირველ სამუშაო დღეს, 18 ივნისს, იერუსალიმის კინოსკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პრეზენტაციას და საუკეთესო სადიპლომო ფილმების არასაკონკურსო ჩვენებას წარუდგენს ფესტივალის სტუმრებს, მონაწილეებს და სტუდენტებს.

საერთაშორისო ჟიურისთან ერთად წელს უცხოელ სტუდენტებსაც უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ელისო ერისთავის სამაგისტრო ჯგუფის ექსპერიმენტული ფილმების არასაკონკურსო ჩვენება.

რაც მთავარია, დაგეგმილია 11 საათიანი, 3 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აინტერესებს სტუდენტურ კინოში მიმდინარე პროცესები.

ფესტივალის საზეიმო გახსნა გაიმართება 17 ივნისს 21:00 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და 3 საფესტივალო დღის შემდეგ, 20 ივნისს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს 5 ნომინაციაში: ჟიურის პრიზი, საუკეთესო ფილმი, რეჟისურა, ხმოვანი და ვიზუალური რიგი.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის ჯილდოები და სერტიფიკატები.

უფრო ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თეატრალური უნივერსტეტის საიტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები