ბოლო ეგზემპლარი კონვეიერიდან უკვე ჩამოვიდა
2025 წლის 12 სექტემბერს, ინდიანას ქალაქ ლაფაიეტში მდებარე ქარხანაში SIA (Subaru of Indiana Automotive), დასრულდა ლეგენდარული სედანის წარმოება, რომელიც 36 წლის განმავლობაში გამოდიოდა. ბოლო ავტომობილი იყო Magnetite Gray-ის ფერის Legacy, ტყავის ინტერიერით, აღჭურვილი 2.5-ლიტრიანი ოთხ ცილინდრიანი ძრავით. მალე ქარხანა კიდევ ერთ მოდელს – Outback-ს – შეაჩერებს.
Subaru Legacy პირველად 1989 წლის 11 სექტემბერს გამოჩნდა და იქცა Subaru-ს პირველ მოდელად, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ქარხანაში (SIA) იწარმოებოდა. მას შემდეგ მოდელმა შვიდი თაობა შეიცვალა. მხოლოდ აშშ-ში გაყიდვებმა თითქმის 1,4 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია, თუმცა ბოლო თაობა დიდი მოთხოვნით ვერ დაიკვეხნიდა.
მოდელთან გამომშვიდობება ბაზრის ინტერესის ცვლილებას მოწმობს – მომხმარებლები სულ უფრო მეტად ირჩევენ კროსოვერებსა და ყველგანმავლებს, ხოლო Subaru-ს კურსი ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე გადაინაცვლებს. ბრენდის გეგმებშია რვა ახალი ელექტრომობილის გამოშვება.
ზაფხულში Subaru-მ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის ახალი მოდელი წარადგინა – ელექტრო კროსოვერი Uncharted, რომელიც Toyota C-HR+-ის „ასლად“ ითვლება. გაყიდვები გაზაფხულზე საბაზისო ვერსიით დაიწყება. მოდელს 224 ცხენის ძალის ძრავა ექნება, მოგვიანებით კი გამოჩნდება ორ ძრავიანი 343 ცხენის ძალიანი ვერსიაც.